თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მერია ფოტოგრაფებსაც დაეხმარება.
ამის შესახებ მან დედაქალაქის მთავრობის ხდომაზე განაცხადა და იქვე დასძინა, რომ კულტურის სფეროს წარმომადგენლების მხარდასაჭერად, ბიუჯეტში, დაახლოებით, 3 მლნ ლარის მოძიება შეძლეს.
„ჩვენ კულტურის სფეროს წარმომადგენლებს მხარდაჭერა გამოვუცხადეთ, ვაფინანსებთ სხვადასხვა მიმართულებით, ეს იქნება კონცერტები, ბენდები, მომღერლები, ხელოვნების სხვადასხვა წარმომადგენლები. ამას გავაგრძელებთ, ადამიანებს პრობლემის პირისპირ არასდროს არ დავტოვებთ, ყველანაირად გვერდით დავუდგებით და ხელს შევუწყობთ. ამისთვის დაახლოებით, სამი მილიონი ლარი იქნა მოძიებული ჩვენს ბიუჯეტში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერი ფოტოგრაფებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მომართვის შემთხვევაში, მერია მათ სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში დაეხმარება.
„მე მინდა, გამოვეხმაურიო ფოტოგრაფების გულისტკივილს და მინდა, მათაც მივმართო – მათაც დავეხმარებით. მოგვმართონ მერიაში და არსებული პროგრამის ფარგლებში შევძლებთ მათ მხარდაჭერას. მგონი, ყველას კარგად გვესმის არსებული ვითარება, არსებული მდგომარეობა. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია გავუფრთხილდეთ ერთმანეთის სიცოცხლეს და უსაფრთხოებას. სხვა მხრივ, ჩვენი მხრიდან თანადგომა იქნება“, – მიმართა მერმა ფოტოგრფებს.