ცესკო: ამომრჩეველი უბანზე პირბადის გარეშე არ დაიშვება

501

მაქსიმალურად შევისწავლეთ სხვა ქვეყნების გამოცდილება. ქვეყნების, რომლებმაც ახლახანს პანდემიის პირობებში არჩევნები ჩაატარეს, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისი​ის პრეს-სპიკერმა, ანა მიქელაძემ განცხადა.

მისივე თქმით, მიმდინარეობს მუშაობა, რათა საჭიროების შემთხვევაში, საარჩევნო ადმინისტრაციამ ამომრჩეველი პირბადით უზრუნველყოს. ამასთან, როგორც მიქელაძემ აღნიშნა, შესაძლოა ადმინისტრაციამ ამომრჩეველს ინდივიდუალური კალამიც შესთავაზოს.

„მაქსიმალურად შევისწავლეთ სხვა ქვეყნების გამოცდილება. ქვეყნების, რომლებმაც ახლახანს პანდემიის პირობებში არჩევნები ჩაატარეს. ვმუშაობთ საკითხზე, რომ ამომრჩეველი, რომელსაც არ ექნება პირბადე, რა თქმა უნდა, პირბადის გარეშე ვერ შევა საარჩევნო უბანზე, თუმცა მას საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს პირბადით. ასევე ვვარაუდობთ და ვმუშაობთ იმაზე, რომ ამომრჩეველს შევთავაზოთ ინდივიდუალური კალამი“, – განაცხადა მიქელაძემ.

ამასთან, როგორც მიქელაძემ აღნიშნა, არჩევნები მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოში ჩატარდება. მისივე თქმით, საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლისთვის სიცხის გაზომვას არ განიხილავენ.

„რაც შეეხება საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრებს, ბუნებრივია, ბარიერი რომ იყოს, ისინი აღჭურვილი იქნებიან შესაბამისი ფარებით. გარდა ამისა, პირბადეებით, ერთჯერადი ხელთათმანებით. ასევე, სისტემატურად მოხდება საუბნო-საარჩევნო კომისიების დამუშავება სპეციალური ხსნარებით და იმედი გვაქვს, ეს პროცესი წარიმართება ჯანმრთელობისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოში. მას შემდეგ, რაც საუბნო-საარჩევნო კომისიები დაიწყებენ ფუნქციონირებას, ნებისმიერი პირი ვინც შევა უბანზე, კომისიის წევრები თუ პარტიების წარმომადგენლები, ვალდებული იქნებიან, გაიარონ თერმოსკრინინგი. ეს წესი მოქმედებს საოლქო-საარჩევნო კომისიებზეც. ამ ეტაპზე არჩევნების დღეს ამომრჩევლისთვის სიცხის გაზომვა არ განიხილება“, – აღნიშნა მიქელაძემ.