აბასთუმანში, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე ნაკვეთი ეკლესიამ სახელმწიფოს უსასყიდლოდ დაუთმო. მეორე დღესვე, საპატრიარქომ ქონების სააგენტოსგან 1 ლარად მიიღო 100 კვ.მ-ით მეტი ტერიტორია აბასთუმანში, რამდენიმე დღეში კი დათმობილი მიწა აუქციონზე ბიძინა ივანიშვილის კომპანიამ იყიდა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
ტერიტორია რომელიც საპატრიარქომ დათმო, ერთადერთი მონაკვეთი იყო „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის სახლის გარშემო, რომელსაც მასთან დაკავშირებული კომპანიები არ ფლობდნენ.
საპატრიარქოში „სამხრეთის კარიბჭეს“ უთხრეს, რომ 796 კვ.მ ნაკვეთს, რომელიც ივანიშვილის სახლს ესაზღვრება, ეკლესია ფაქტობრივად ვერ იყენებდა და მისი დათმობაც სწორედ ამიტომ გადაწყვიტა.
„ტერიტორია, რეალურად საპატრიარქოს ფაქტობრივ მფლობელობაში არ იყო, გარკვეული ნაწილი. ოფიციალურად იყო, თუმცა რეალურად ჩვენ არ გვეკუთვნოდა და ამიტომ მივატოვეთ“ – გვიხსნის საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის წარმომადგენელი ლევან მერაბიშვილი.
საკუთრების უფლებაზე უარი საპატრიარქომ ოფიციალურად 10 აგვისტოს თქვა, 11 აგვისტოს კი დათმობილზე ოდნავ მეტი – 896 კვ.მ ტერიტორია სიმბოლურ 1 ლარად გადაეცა.
მერაბიშვილის მტკიცებით, საპატრიარქოს სახელმწიფოსგან ეს ქონება ივანიშვილის სახლის მოსაზღვრე მიწის დათმობის სანაცვლოდ არ მიუღია.
„ეს არ ყოფილა გარიგება. ასე რომ ყოფილიყო გაცვლის ხელშეკრულებას გავაფორმებდით. ეგ ნაკვეთები, რაც ჩვენ გავიფორმეთ, სარგებლობაში გვქონდა, კელიები დგას, თუ ნახავთ. იმ ადგილას კი, სადაც დავთმეთ ფაქტობრივი მფლობელობა არ გვქონია. ამიტომ, ვინაიდან კონკორდატით, შეუძლია სახელმწიფოს პირდაპირ გაგვიფორმოს ხელშეკრულება, ეს ნაკვეთები ნასყიდობით, ერთ ლარად მივიღეთ, ამაში ახალი არაფერია“ – ამბობს ლევან მერაბიშვილი.
11 აგვისტოს ხელშეკრულებით საპატრიარქოს სიმბოლურ ფასად სამი მიწის ნაკვეთი გადაეცა. მათგან ერთი მონასტრის საზღვრებშია მოქცეული და კელია დგას, ხოლო დანარჩენი ორი კი ( 395 კვ.მ და 192 კვ.) მდინარე ოცხეს ნაპირას, ობსერვატორიისკენ მიმავალ გზაზეა.
საპატრიარქოს მიერ უსასყიდლოდ დათმობილი ტერიტორია სახელწიფო ქონების სააგენტომ აუქციონზე 19 აგვისტოს გაიტანა. იმავე დღეს ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილი აბასთუმანში მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის მშენებლობას დააფინანსებს.
ელექტრონულ ვაჭრობაში, რომელზეც საპატრიარქოს ნაკვეთი 116 ათას ლარად გაიყიდა, ერთადერთი კომპანია „აბასთუმანი–2019“ მონაწილეობდა.
შპს „აბასთუმანი 2019“ ოფშორში რეგისტრირებული „ლაიმსთოუნ ფაინანს ინთერნეიშენელის“ კომპანიაა, რომლის აქციონერიც სხვადასხვა ღია წყაროს, მათ შორის „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ცნობით, ქართული ოცნების თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილია.
აუქციონის პირობების მიხედვით, ნაკვეთი ხვდება აბასთუმნის გენგემით გათვალისწინებულ არასამშენებლო ზონის საზღვრებში, რაც იმას ნიშნავს რომ ტერიტორიის სამშენებლოდ განვითარება შეუძლებელია.
„აბასთუმანი–2019–ის“ გარდა, ივანიშვილის სახლის გარშემო ტერიტორიებს ფლობს, „ოცნების“ ლიდერის კუთვნილი კიდევ ერთი კომპანია „ქართუ“, რომელმაც თებერვალში ერთი შენობის სანაცვლოდ სახელმწიფოსგან 50 ათას კვ.მ-მდე მიწა მიიღო, მათ შორის სახლის მოსაზღვრე ნაკვეთია.
2018 წლიდან, მას შემდეგ რაც ივანიშვილი კურორტით დაინტერესდა, მასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 50 000-მდე კვ.მ ტერიტორია იყიდეს, სადაც სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროეტების განხორციელება მიმდინარეობს, მათ შორის საცხოვრებელი კორპუსის და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროსი. პროექტების უმრავლესობა მანამდე დაიწყო, ვიდრე ადიგენის საკრებულო კურორტის განაშენიანების რეგულირების გეგმას დაამტკიცებდა.