საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ TV პირველის ეთერში განაცხადა, რომ გადაიხედება რეგულაცია, რომლის მიხედვითაც უცხოეთიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეებს კარანტინის გავლა უწევთ.
“ვიცი, რომ ამ დიფერენცირებაში არის უხერხული მომენტი და ამაზე ვმუშაობთ ახლა. მიმდინარეობს მუშაობა ამ რეგულაციის გადახედვაზე, მაგრამ პირველ ეტაპზე ეს საჭირო იყო. თვითიზოლაციაში, სადაც მიდიოდნენ უცხოელები და ჩვენი თანამემამულეები, ყველა დარღვევა იყო ჩვენს თანამემამულეებში. უცხოელებს არცერთი დარღვევა არ ჰქონიათ. მე ქართველი, რომელიც ვცხოვრობ გერმანიაში, ჩამოსვლის შემდეგ, რა თქმა უნდა, მთელ ჩემს სანათესაოსთან მივდივარ. რისკი ინფიცირებისა მეტია, თუმცა ამის მოვლა სხვანაირადაც შეიძლება დღეს, როდესაც გაფართოებული გვაქვს ტესტირება. ეს უხერხული საკითხია, რომელიც უნდა გადაწყდეს”, — განაცხადა გამყრელიძემ.
2020 წლის 6 მარტს, უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის მაღალი რისკის ქვეყნებიდან საქართველოში ჩამოსული პირებისთვის საზღვარზე ინტენსიური შემოწმების შემდეგ 14-დღიანი კარანტინი სავალდებულო გახდა. წესი ვრცელდება, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე.
საქართველოში კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1596 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 15-ით გაიზარდა და 1294-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6250 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 289
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.