დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღევანდელი მონაცემები მიუთითებს, რომ დამშვიდების საშუალება არ გვაქვს.
როგორც გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, „ბოლო ორი კვირის განმავლობაში ინფიცირების მაჩვენებელი გვაქვს 100 ათას მოსახლეზე 4 და 4,2“, რაც ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია ევროპაში.
„ქვეყანაში ინტენსიურად ვაწარმოებთ ტესტირებას . საერთო ტესტირების მაჩვენებელი გვაქვს 386 ათასი PCR ტესტი, ამას ემატება 151 ათასი სწრაფი ანტიგენზე დამყარებული ტესტი და მილიონ მოსახლეზე საქართველო უკვე კარგად გამოიყურება PCR ტესტირებასთან დაკავშირებით – 104 ათასია მილიონ მოსახლეზე. შევადარეთ ერთმანეთს ბოლო ორ-ორი კვირა აგვისტოში და ინციდენტების მაჩვენებელი გვაქვს 100 ათას მოსახლეზე 4 და 4,2, რაც ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი ევროპაში, მაგრამ ხაზს ვუსვამ, რომ ეს არ გვაძლევს დამშვიდების საშუალებას და ამას დღევანდელი მონაცემიც მიუთითებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, შექმნილი სიტუაცია სრულად მართვადი და კონტროლირებადია.
„პროგნოზირებადი იყო იმ თვალსაზრისით, რომ მობილობა სერიოზულად არის გაზრდილი ქვეყანაში. 38 შემთხვევა იქნება 25 თუ 23, ეს არ წარმოადგენს დიდ ტვირთს ჯანდაცვის სისტემისთვის, რადგან სიტუაცია სრულად მართვადი და კონტროლირებადია“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ არ უნდა შევიქმნათ ილუზია, თითქოს ქართველებმა კორონავირუსი დავამარცხეთ.
„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ არ უნდა მივეცეთ დამშვიდებას და არ უნდა შევიქმნათ ილუზია, რომ ქართველებმა დავამარცხეთ კორონავირუსული ინფექცია. არ დაგვიმარცხებია! ინფექცია ცირკულირებს ქვეყანაში და თუ არ დავიცავთ რეკომენდაციებს, მაშინ საშიშროება დადგება ფართო მასშტაბიანი და წყალში ჩაგვიყრის ყველაფერს, რასაც 8 თვის განმავლობაში ვაკეთებდით. ჩვენ აქამდე ბევრად ნაკლები დაზიანებით მოვედით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1548 გახდა.