გიგა ბოკერიამ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ფოთში პირველი შეხვედრა გამართა

759

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ფოთში პირველი შეხვედრა გამართა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, ფოთში, სენაკსა და ხობში ის მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს და მათ პრობლემებს პირადად მოისმენს.

კრიმინალური და ეკონომიკური ვითარება, დასაქმება – ამ საკითხებს ბოკერია ქვეყანაში ძირითად გამოწვევად და პირველ რიგში მოსაგვარებლად მიიჩნევს.

„ამოცანა საქართველოს საზოგადოებას და მთლიანად ფოთს, ხობსა და სენაკს აქვს ერთი – ეს არის ამ გუნდის, ივანიშვილის პოლიტიკური არარეალობის გუნდის დასრულება მშვიდობიანად და შემდეგ შეკვრა ოპოზიციური კოალიციის, სადაც „ევროპული საქართველო“ გადამწყვეტ როლს ვითამაშებთ, და ქვეყნის გამოყვანა ამ ჩიხიდან. ჩვენ აქ გვყავს ძალიან ძლიერი გუნდი და აქ და საქართველოს ასეთ ოლქებში გადაწყდება ბედი, რამდენად ზიანის გარეშე, მშვიდობიანად ჩამოვიშორებთ ამ ხელისუფლებას ჩვენ და ამას აუცილებლად გავაკეთებთ“, – აცხადებს გიგა ბოკერია.

ფოთში, ხობსა და სენაკში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გიგა ბოკერია „ევროპულმა საქართველომ“ 3 აგვისტოს წარადგინა.