პარტიამ „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი” წინასაარჩევნო პროგრამა წარადგინა

894

პარტიამ „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი“ წინასაარჩევნო პროგრამა წარადგინა. პარტიის საარჩევნო პროგრამა ეფუძნება გაერო-ს განვითარების 17 გლობალურ მიზანს.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მარიამ ჯაშმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათ მიერ წარდგენილი პროგრამა საშუალებას იძლევა, რომ საზოგადოებაში ხელშესახები ცვლილებები განხორციელდეს.

„პროგრამა რეალურად მოგვცემს საშუალებას, რომ ხელშესახები ცვლილებები შევიტანოთ ჩვენი საზოგადოების ოჯახებში, როგორც სოციალური განვითარების, ისე ეკონომიკური განვითარების კუთხით. ასევე, ჯანდაცვის და განათლების რეფორმირების მიმართულებით და რაც მთავარია, გაძლიერდეს როგორც სახალხო დიპლომატია დიდი შერიგების გზაზე აფხაზ და ოს ოჯახებთან მიმართებით, ასევე დაჩქარდეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება დევნილი ოჯახების თანადგომას. დღემდე 40 000-მდე ოჯახი რჩება ჯერ კიდევ საკუთარი ბინის გარეშე. პირადად ჩემი მთავარი გზავნილი და პრიორიტეტი აღნიშნულ კამპანიაში იქნება სწორედ დევნილი ოჯახების მხარდაჭერა, თუმცა პროგრამა მოიცავს როგორც მინიმალური ხელფასის, ასევე უმუშევრობის დაზღვევას და სხვა სოციალური გარანტიების შემოღებას”,- განაცხადა მარიამ ჯაშმა.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, ყველაზე მნიშვნელოვანია დაბალშემოსავლიანი მოქალაქეებისთვის გადასახადების შემცირება.

„ჩვენი პროგრამით, 500 000 ადამიანი მიიღებს 100 ლარით მეტ ხელფასს ყოველწლიურად, შემდგომ არის უმუშევრობის დაზღვევა. პანდემიამ გვანახა, რომ უმუშევრობის დაზღვევა არის აუცილებელი და ყველა ადამიანი, რომელიც 6 თვის განმავლობაში ბიუჯეტში იხდიდა შემოსავლის სახით, ის მიიღებს 6 თვის განმავლობაში უმუშევრობის დაზღვევას. პირველი სამი თვე მიიღებს 70%- ს, მეორე სამი თვე მიიღებს 50-%. შემდეგ შემოდის პროგრესული დაბეგვრის სისტემა, რომელსაც განვახორციელებთ კონსენსუსის საფუძველზე. ასევე, განვახორციელებთ ინდუსტრიულ პოლიტიკას იმიტომ, რომ ქვეყანა მომხმარებელი სახელმწიფოსგან უკვე გადაიქცეს მწარმოებელ სახელმწიფოდ. სოფლის მეურნეობის და გადამამუშავებელი მრეწველობის სახით ჩამოყალიბდება სოფლის მეურნეობის განვითარების კოოპერაციული ბანკი და შესაბამისად, დღეს არსებული “საპარტნიორო ფონდი” გადაკეთდება განვითარების ბანკად, რომელიც მოახდენს თანადაფინანსებას და სუბსიდირებას სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დარგების. ჯანდაცვაში იქნება დიდი ცვლილებები იმიტომ, რომ გაჩნდება სახელმწიფო და მუნიციპალური საწარმოები. ასევე, არც ერთი ბავშვი არ დარჩება განათლების გარეშე, მიუხედავად მისი სოციალური მდგომარეობისა”,- აღნიშნა ბექა ნაცვლიშვილმა.