კალაძე: ჩემთვის დედაქალაქის მერობა თბილისის, თბილისელების წინაშე დიდი პასუხისმგებლობა და მსახურებაა

306

შეიძლება, ვინმესთვის დედაქალაქის მერის სტატუსი მიმზიდველი და პრივილეგია იყოს, მაგრამ პირადად ჩემთვის, ჩემი თანაგუნდელებისთვის ეს მხოლოდ დიდი პასუხისმგებლობაა და მსახურებაა, თბილისისა და თბილისელების წინაშე, – დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თანამოქალაქეების წინაშე აღებულ პასუხისმგებლობაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

„ჯერ კიდევ ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი ვიყავი, როდესაც გუნდმა თბილისის მერობის კანდიდატობა შემომთავაზა, ჩემთვის მოულოდნელი იყო, არ ველოდებოდი, ამის შემდეგ, მოსაფიქრებლად რამდენიმე დღე ვითხოვე, რადგან კარგად მესმის ქვეყანაში არსებული მიგრაციისა და პოლიტიკური ვნებების ფონზე, რამდენად რთულია ამხელა ქალაქის მართვა. ჩემი გუნდის წევრებთან ერთად ვისაუბრე და მივიღეთ გადაწყვეტილება, ეს პასუხისმგებლობა აგვეღო. ასევე, ჩვენ ვთქვით, რომ ვერ ვიქნებოდით ის ადამიანები, რომლებიც მხოლოდ გზას დააგებდნენორმოულებს ამოავსებდნენ და ა.შ. არამედ, ჩვენ ვიქნებოდით ის ადამიანები, რომლებიც ამ ქალაქში მნიშვნელოვან რეფორმებს გაატარებდნენ. შეიძლება ზოგისთვის მტკივნეულს და არაპოპულარულს, მაგრამ ჩვენი ქალაქის, შვილებისა და მომავალი თაობებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, თბილისში წლების განმავლობაში არსებული პრობლემების გადასაჭრელად, მისმა გუნდმა კონკრეტული ხედვები და ქმედითი ნაბიჯები წარმოადგინა.

„ჩვენ, როდესაც საარჩევნო პროგრამაზე მუშაობა დავიწყეთ, შვიდი ძირითადი მიმართულება წარმოვადგინეთ. ეს არ იყო მხოლოდ ლამაზი სიტყვები ან ლამაზად შეფუთული საარჩევნო კამპანია, ეს იყო კონკრეტული ხედვა, გადასადგმელი ქმედითი ნაბიჯები, რა უნდა გაგვეკეთებინა იმისთვის, რომ თბილსიში, 30 წლის განმავლობაში დაგროვილი ერთი და იგივე პრობლემა მოგვეგვარებინა“, – განაცხადა კახა კალაძემ.