კალაძე: კერძო ავტომობილებს არ ვებრძვით, მეც მყავს კერძო ავტომობილი, მეც მყავს ჯიპი

944

ჩვენი დამოკიდებულება არ არის, რომ ჩვენ ვებრძვით კერძო ავტომობილებს, პირიქით, სატრანსპორტო პოლიტიკის რეფორმით ყველას თანაბრად გადაუნაწილდება მიმართულებები, – ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

თბილისის მერმა ბოდიში მოუხადა მძღოლებს, რომელთაც ჭავჭავაძის გამზირზე შაბათს გადაადგილებისას პრობლემები შეექმნათ და საცობში იდგნენ, თუმცა მან ასევე ისაუბრა იმ სატრანსპორტო პოლიტიკაზე, რომლის განხორციელებაც საზოგადოებისთვის გარკვეულად მტკივნეულია.

„მინდა ბოდიში მოვუხადო, ყველა იმ ავტომობილის მძღოლს, ვინც კონკრეტულად ამ დღეს ჭავჭავაძის გამზირზე, მის მიმდებარე ქუჩებზე გადადგილდებოდა და მას მოუწია გარკვეული დროით საცობში დგომა. ადამიანურად ნამდვილად მესმის თქვენი. მეც რიგითი მოქალაე ვარ, ვმართავ ავტომობილს და გადავაადგილდები ყოველდღიურად ქალაქში. რა თქმა უნდა, თქვენს ადგილზე მეც იგივ განწყობა და დამოკიდებულება მექნებოდა. აბსოლუტურად მესმის თითოეული თქვენგანის და კიდევ ერთხელ, მინდა ბოდიში მოგიხადოთ“, – განაცხადა კალაძე.

ამასთან, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ შესაძლოა ვინმესთვის მერის თანამდებობა პრივილეგია იყოს, მისთვის კი დიდი პასუხისმგებლობაა და მსახურება თბილისელებისთვის.

მისივე თქმით, ხელისუფლებაში მოსვლამდე მისმა გუნდმა განაცხადა, რომ ქალაქში გაატარებდნენ რეფორმებს, რომელიც შესაძლოა მოქალაქეებისთვის მტკივნეული ყოფილიყო. მათი საარჩევნო პროგრამა 7 ძირითად საკითხზე იყო დამყარებული და წარმოადგინეს ხედვა, თუ როგორ შეიძლებოდა ამ პრობლემების მოგვარება. ერთ-ერთი იყო სატრანსპორტო პოლიტიკა, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში იყო. ამ მიზნით მათ მოიძიეს მსოფლიოში არსებული გამოცდილება და დაუკავშირდნენ ცნობილ კომპანიებს, რომელთა მეშვეობითაც ახორციელებენ რეფორმას.

კალაძის განცხადებით, თბილისში ავტომობილების რიცხვი ყოველწლიურად მზარდია. თუ 2012 წელს დედაქალაქში დაახლოებით 180 ათასამდე ავტომობილი გადაადგილდებოდა, 2020 წელს 600 ათასი ავტომობილი გადაადგილდება. კალაძემ აღნიშნა, რომ გზების გაფართოვებას ვერ განახორციელებენ, რადგან ეს თბილისში ავტომობილების რიცხვის ზრდას წაახალისებს.

„რეფორმის შედეგებს დღეს და ხვალ ვერ დავინახავთ, მაგრამ ამ რეფორმების გატარება ჩვენი ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენი დამოკიდებულება არ არის, რომ ჩვენ ვებრძვით კერძო ავტომობილებს. მეც მყავს ავტომობილი, ჯიპი და თავად გადავაადგილდები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვებრძვით კერძო ავტომობილის მძღოლებს. პირიქით, ამ რეფორმით, ამ პროექტით ყველას თანაბრად გადაუნაწილდება მიმართულებები. ავტობუსს ექნება შესაბამისი ზოლები და მხოლოდ ჭავჭავაძე არ იქნება. მთელი ქალაქის მასშტაბით მიმდინარეობს კვლევები და ყველგან იქნება პროექტები განხორციელებული. შეიძლება ინფრასტრუქტურულად ეს ვერ შევძლოთ, მაგრამ დახაზვითი სამუშოები ყველგან განხორციელდება, რათა ავტობუსებმა უპრობლემოდ შეძლონ გადაადგილება. დღის განმავლობაში ტრანსპორტით დაახლოებით 1,5 მლნ ადამიანი სარგებლობს. ამიტომ გვინდა ეს პრობლმა იყოს მოგვარებული და დროთა განმავლობაში ჩვენც მოვაგვარებთ ამ პრობლემას“, – განაცხადა კახა კალაძემ.