კალაძე: ბოდიშს ვუხდი ყველა ადამიანს, ვინც ჭავჭავაძის გამზირზე შაბათს საცობში იდგა

392

თბილისის მერი კახა კალაძე ბოდიშს უხდის მოქალაქეებს, ვისაც ახალი სატრანსპორტო სისტემით მოძრაობისას ჭავჭავაძის გამზირზე საცობში მოუწია ყოფნა.

კალაძემ განცხადება თბილისის მთავრობის სხდომის დაწყების წინ გააკეთა. ის გამოეხმაურა სოციალურ ქსელებსა და სატელევიზიო ეთერებში გაჟღერებულ კრიტიკას ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობის გართულების შესახებ.

„მინდა დავიწყო შაბათი დღით, როცა ჭავჭავაძის გამზირზე ახალი სისტემით დაიწყო მოძრაობა. მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა იმ ადამიანს და ავტომობილის მძღოლს, ვინც ამ დღეს გადაადგილდებოდა ჭავჭავაძის გამზირზე და მოუწია საცობში დგომა. მეც რიგითი მოქალაქე ვარ, ვმართავ თავად ავტომობილს, გადავაადგილდები ქალაქში და თქვენს ადგილას მეც იგივე განწყობა მექნებოდა. აბსოლუტურად მესმის თითოეული თქვენგანის და გიხდით ბოდიშს“, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, ადვილი არ იყო დედაქალაქის მერის თანამდებობის დაკავება.

„როდესაც ჯერ კიდევ ენერგეტიკის მინისტრი ვიყავი და გუნდმა შემომთავაზა ვყოფილიყავი მერობის კანდიდატი, მოულოდნელი იყო. ამ შემოთავაზების შემდეგ ვითხოვე რამდენიმე დღე, მესმის რამდენად რთულია ამხელა ქალაქის მართვა ქვეყანაში არსებული მიგრაციის და პოლიტიკური ვნებების ფონზე. შეიძლება, ვინმესთვის დედაქალაქის მერობის სტატუსი იყოს რაღაც მიმზიდველი, პრივილეგია მაგრამ, ჩემთვის, სრული გულწრფელობით ვამბობ, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და მსახურება. მსახურება თბილისის და თბილისელების წინაშე.

ჩვენ, 30 წლის განმავლობაში, დავაკვირდეთ ყველა მიმართულებას, ვტრიალებთ ერთი და იგივე წრეზე. შესაბამისად, როდესაც ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, რა თქმა უნდა, დავიწყეთ საარჩევნო პროგრამაზე მუშაობა 7 ძირითადი მიმართულებით. ეს არ იყო მხოლოდ ლამაზი სიტყვები ან ლამაზად შეფუთული საარჩევნო კამპანია.

ეს იყო კონკრეტული ხედვა და პრობლემები, რომელიც თბილისს აწუხებდა 30 წლის განმავლობაში, არაფერს არ ვამატებ 30 წლის განმავლობაში, ეს იყო ის პრობლემები რომელიც ჩვენ ქალაქს სტკიოდა და აწუხებდა“,- განაცხადა კალაძემ.