ჭავჭავაძის გამზირი არის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი, როგორ უნდა მოეწყოს ქალაქში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე აცხადებს. მის კომენტარს დედაქალაქის მერია ავრცელებს.
ირაკლი ხმალაძის თქმით, საცობების პრობლემა არის სატრანსპორტო სისტემის ის პოლიტიკა, რომელსაც მუნიციპალიტეტი წლების განმავლობაში ატარებდა და რომლის შედეგადაც შეუსაბამოდ დიდი რაოდენობით სატრანსპორტო საშუალებები მივიღეთ.
„ჩვენ რომ ასე გაგვეგრძელებინა და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის შეუფერხებლად, მოკლე დროში და კომფორტულად გადაადგილების საშუალება არ მიგვეცა, ორ-სამ წელიწადში უარეს სურათს მივიღებდით, რომლის გამოსწორებაც კიდევ უფრო მტკივნეული იქნებოდა.
აქედან გამომდინარე, ჭავჭავაძის გამზირი არის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი, თუ როგორ უნდა მოეწყოს ქალაქში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ ქუჩას ჰქონდეს მაღალი გამტარიანობა, ნაკლები საცობი გვქონდეს მთლიანად ქალაქში და ნაკლებად დავაბინძუროთ ჰაერი.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან გთხოვთ გაიხსენეთ, სამი წლის წინ რა იყო მოსახლეობის მთავარი დაკვეთა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. ყველაზე მწვავე პრობლემა იყო საცობი და სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვი.
ჩვენ თუ არ მოვინდომეთ, რომ ნაკლებმა მანქანამ იაროს ქალაქში და ნაკლებად გადავაადგილდეთ მანქანებით, ჯადოსნური ჯოხით ხომ არ შევამცირებთ ჰაერის დაბინძურებას, ან საცობებს როგორ განვტვირთავთ?“, – აცხადებს ირაკლი ხმალაძე.