“არ გინდოდათ ელისაშვილი მერად და იარეთ ბატონო ვაკეში კომპასებით”, – ასე ეხმურება პარტია “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს.
შეგახსენებთ, რომ ალეკო ელისაშვილი თბილისის მერობისთვის დამოუკიდებელ კანდიდატად კენჭს 2017 წელს იყრიდა.
ჭავჭავაძის გამზირზე 29 ივლისს ღამის 12 საათზე ავტობუსის მძღოლებმა გადაადგილების შესასწავლად პირველი რეპეტიცია გაიარეს. გადაადგილების წესებში გასარკვევად ისინი კიდევ სამი ღამის განმავლობაში ივარჯიშებენ.
ჭავჭავაძეზე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობა პირველ აგვისტოს აღდგება. მანამდე კი მერმა, კახი კალაძემ თქვა, რომ ჭავჭავაძის გამზირთან დაკავშირებით, ხშირად იღებენ კომპლიმენტებს ქუსლიანი ფეხსაცმლით მოსიარულე ქალებისგან.
შეგახსენებთ, რომ ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია გასული წლის 30 მაისს დაიწყო. სამუშაოების დასრულების ვადად თავდაპირველად სამი თვე განისაზღვრა და გამზირის ნაწილობრივ გახსნა 16 სექტემბერს დაანონსდა, თუმცა რეაბილიტაცია 1 წელზე მეტ ხანს გაგრძელდა.