თბილისში გზები ვერ გაფართოვდება, არ გვაქვს შესაძლებლობა, ყველა გზა მოერგოს კერძო ავტომობილებს – ეს დამღუპველი გზაა”, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.
მისი თქმით, ქალაქში, დღესდღეობით, 500 ათასზე მეტი მანქანა დადის და რაოდენობა ყოველ წელიწადს იზრდება.
„ბევრჯერ გვითქვამს, რომ დღეს რაც დედაქალაქში ხდება, ამის გაგრძელება არის შეუძლებელი. თბილისში, დაახლოებით, 500 ათასზე ცოტა მეტი ავტომობილი გადაადგილდება, ეს რაოდენობა ყოველწლიურად 5%-6%-ით იზრდება, ეს, ერთი მხრივ, კარგია, ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა შეიძინონ ავტომობილები, თუმცა, მეორე მხრივ, ამ ქალაქს მეტის დატევა არ შეუძლია. ისმის კითხვები, თუ რატომ არ შეიძლება გზების გაფართოება, ეს მიუღებელია, რადგან პირდაპირ წახალისება გამოდის… ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა, ყველა გზა მოერგოს კერძო ავტომობილებს; ეს არის დამღუპველი გზა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ახალს არაფერს ვიგონებთ, უბრალოდ ვიზიარებთ განვითარებულ დიდ ქალაქებში განხორციელებულ პროექტებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.