ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) „საქართველოს რესპუბლიკურ პარტიას” უარი უთხრა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის რეგისტრაციაზე და ამის მიზეზად ცესკოში განცხადების ვადის დარღვევით შეტანა დაასახელა.
განკარგულებას ხელს აწერს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია.
დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 197-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტია მისი ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი სათანადო განცხადებით მიმართავს ცესკოს თავმჯდომარეს პარლამენტის არჩევნების წლის 1 იანვრიდან 15 ივლისამდე.
“საქართველოს რესპუბლიკური პარტიის განცხადება საქართველოს ცენტრალურ კომისიაში შემოტანილი იქნა ვადაგადაცილებით, კერძოდ, არ იქნა წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის 197-ე მუხლით დადგენილ ვადაში, 2020 წლის 15 ივლისამდე, რაც წარმოადგენს საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველს”– წერია 17 ივლისის განკარგულებაში და ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისი მიღებიდან ორი კალენდარული დღის ვადაში.
როგორც “რესპუბლიკური პარტიაში” აცხადებენ, განცხადება ცესკოში 14 ივლისს, ფოსტით გაგზავნეს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მაინც ეს გადაწყვეტილება მიიღო.