გახარია: თბილისში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ბევრი რაღაც ისეთი გაჩნდა, რაც ჩვენს თვალსა და გარემოს არ მოსწონს, მაგრამ მერია ყველაფერს აკეთებს, რომ მეტი რეკრეაცია და სიმწვანე იყოს

545

მინდა, თბილისს და თბილისელებს ვუსურვო მეტი ასეთი სიმწვანე, მეტი ასეთი განახლებული და ახალი სიცოცხლით შევსებული სკვერი იმისთვის, რომ თითოეული ჩვენგანის სიცოცხლე და ცხოვრება იყოს კომფორტული , – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ გუშინ კიკვიძის პარკის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, თბილისის მერია და მერი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თბილისში მეტი რეკრეაცია და სიმწვანე იყოს.

„გულს უხარია, დღეს აქ, რასაც ვხედავთ. ცოტათი, ოდნავ, ჩვენსავე მიღებულ რეკომენდაციას ვარღვევთ, 200 ადამიანის შეკრებაზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ ამას თბილისელები გვაპატიებენ, იმიტომ რომ დღეს ამ სკვერის ახალი სიცოცხლე იწყება.

რა თქმა უნდა, თბილისში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ბევრი რაღაც ისეთი გაჩნდა, რაც ჩვენს თვალსა და გარემოს არ მოსწონს, მაგრამ თბილისის მერია და მერი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თბილისში მეტი რეკრეაცია და სიმწვანე იყოს, სულ უფრო და უფრო მეტი ადგილი იყოს, სადაც ჩვენი შვილები და ბავშვები ისეირნებენ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა გაგრძელდეს და ეს არ უნდა იყოს ერთ-ერთი. ასეთი უნდა გვქონდეს კიდევ ბევრი.

რაც ყველაზე მთავარია, არ უნდა დაგვავიწყდეს და უნდა გავიხსენოთ, რომ რამდენიმე დღის წინ გავხსენით მზიურის პარკი, დღეს ჩვენი გენიალური ნოდარ დუმბაძის დაბადების დღეა და შეუძლებელია ეს რომ არ გავიხსენოთ“, – განაცხადა გახარიამ.