პეკინის გამზირზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება

970

თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკინგის სისტემის პროექტის შემდგომი ეტაპი საბურთალოში განხორციელდება. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა განაცხადა. კახა კალაძის თქმით, პროექტი პეკინის გამზირზე იმოქმედებს.

ამ მიზნით, 10 აგვისტოს, ათ სხვადასხვა ლოკაციაზე საინფორმაციო ჯიხურები განთავსდება, რომლებიც ადგილობრივ მცხოვრებლებს რეგისტრაციაში დაეხმარება, იმისთვის, რომ მათ მფლობელობაში არსებული ავტომანქანები უფასოდ დააპარკინგონ.

„ადგილობრივი მოსახლეობისთვის კონკრეტული საპარკინგე ადგილები იქნება უფასო. ისინი არაფერს გადაიხდიან. რაც შეეხება სხვა რაიონებიდან შემოსულ ადამიანებს, მათთვის იქნება ფასიანი, როგორც წინა შემთხვევებში – საათი 1 ლარი. ასევე შშმ პირებისთვის იქნება უფასო და ელექტრომობილების მქონე ადამიანებისთვის იქნება უფასო“, – განაცხადა მერმა.

საინფორმაციო კამპანიის წარმართვა კალაძემ ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა. პროექტი 10 სექტემბრიდან ამოქმედდება.