გიორგი გახარია არ გამორიცხავს, რომ 2020 წლის საარჩევნო სიაში ბიძინა ივანიშვილი იყოს

1164

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია არ გამორიცხავს, რომ 2020 წლის საარჩევნო სიაში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იყოს. ამის შესახებ გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, შესაძლებელია თუ არა, რომ საარჩევნო სიაში ბიძინა ივანიშვილიც ვიხილოთ.

„რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი არის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და მისი თავმჯდომარე. რა თქმა უნდა…“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მანამდე, გახარიამ კითხვას, იქნებოდა თუ არა საარჩევნო სიაში თავად პირველი ნომერი უპასუხა, რომ ის ბოლო ნომრად იქნება. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მთავარია არჩევენბი “სანიმუშოდ” ჩატარდეს და ბევრ სპეკულირებას დაესვას წერტილი.

„რამდენჯერმე ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. მე ვიქნები ბოლო ნომერი, არანაირი მნიშვნელობა ჩემთვის არ აქვს, მე რომელი ნომერი ვიქნები, გულწრფელად გეუბნებით… სიაში ვინ იქნება პირველი, ამას კი არ აქვს მნიშვნელობა ან რომელი პარტია უფრო მეტ ხმას მიიღებს, ესეც შეიძლება გახდეს მეორეხარისხოვანი, მთავარია ყველამ ერთად – ოპოზიციამ, მთავრობამ, სამოქალაქო საზოგადოებამ, ჩავატაროთ სანიმუშო არჩევნები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ განუცხადა.