ვატო შაქარიშვილი: კალაძე „ბეჯითად“ აგრძელებს „ნაცმოძრაობის“ სტილითა და მიდგომებით მართვას!

849

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის, ვატო შაქარიშვილის შეფასებით, ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფო მოტივირებული იყოს ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის ზრდასა და ხარისხის გაუმჯობესებაზე, დედაქალაქის მერის გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ჯანდაცვის სფეროს სრულად კომერციალიზაციას.

ამ განცხადებით შაქარიშვილი გამოეხმაურა დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებას, რომ პოლიკლინიკები, რომლებიც რეაბილიტაციას საჭიროებენ, გასხვისდეს.

საკრებულოს წევრის თქმით, ჯანდაცვის სფერო ყველა მიმართულებით რამდენიმე ბიზნეს-ჯგუფის ხელშია მოქცეული.

„დღეს ჯანდაცვის სფერო მისი ყველა მიმართულებით ეს იქნება კლინიკები, სადაზღვეო კომპანიები, ფარმაცევტული კომპანიები და ა.შ მოქცეულია სულ რამდენიმე ბიზნეს ჯგუფის ხელში. მათ შორის კი დომინირებს კომპანია „ევექსი“, რომელიც არის „საქართველოს ბანკის“ კორპორაციის შემადგენლობაში, რაც თავშივე დაუშვებელია რადგან ბანკებს ეზღუდებათ არაპროფილურ ბიზნესში ოპერირება. ეს პრინციპი თვალსაჩინოდ ირღვევა „საქართველოს ბანკის“ შემთხვევაში, როდესაც ის ერთდროულად ფლობს და მართავს ფარმაცევტულ კომპანიებს, სადაზღვეო კომპანიებს და ამავდროულად კლინიკებს.

ამ ფონზე, ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფო მოტივირებული იყოს ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის ზრდაზე და ხარისხის გაუმჯობესებაზე, მერის გადაწყვეტილებით, დამატებით უნდა მოხდეს მუნიციპალური პოლიკლინიკების პრივატიზება, რაც ხელს შეუწყობს ჯანდაცვის სფეროს სრულად კომერციალიზაციას.

მოსახლეობა ვეღარ ასხვავებს ბანკში მიდიან თუ ჯანდაცვის დაწესებულებაში, რადგან ყველგან ჭარბობს ფინანსები და ათასგვარი ქაღალდები, ამაზე საუბრობენ და წუხან ჩვენი ექიმებიც.

პირველადი ჯანდაცვის როლი კი უმნიშვნელოვანესია და ეს კიდევ ერთხელ გამოიკვეთა მსოფლიოში კოვიდ 19-ის პანდემიის პირობებში“, – განაცხადა შაქარიშვილმა.