თბილისში, ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო მოედნის მშენებლობა დაიწყო

760

დღეს გელოვანის გამზირზე, ზაზა ფაჩულიას სახელობის „გალფის’’ საკალათბურთო მოედნის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა. ღონისძიებას თბილისის მერი დავით ნარმანია, მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი, დიდუბის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი და კომპანია „გალფის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ზაზა ფაჩულიამ და კომპანია “გალფის” ხელმძღვანელობამ მშენებლობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩადეს და მემორანდუმს ხელი მოაწერეს.
საკალათბურთო მოედნის მშენებლობა ნავთობკომპანია „გალფის“ ორგანიზებითა და დიდუბის გამგეობის მხარდაჭერით ხორციელდება.

როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, ეს არის საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობის ძალიან კარგი მაგალითი.

,,უბანში, სადაც ზაზა ფაჩულია გაიზარდა, სიმბოლურად კეთდება საკალათბურთო მოედანი. მოედანს დიდუბის გამგეობა კომპანია „გალფთან“ ერთად გააკეთებს. ერთის მხრივ, ამ ადგილს ახალი სპორტული მოედანი შეემატება, მეორეს მხრივ კი, ეს გახდება მაგალითი ჩვენი მოზარდებისთვის, ისევე ივარჯიშონ და მოემზადონ, როგორც თავის დროზე ზაზა ფაჩულია ემზადებოდა და ასევე ასახელონ ჩვენი ქვეყანა,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.

ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო მოედანი 2018 წლის გაზაფხულზე გაიხსნება.