დავით უსუფაშვილი: ვისაც პარლამენტის ტრიბუნაზე ასვლის საშუალება ეძლევა, დეპუტატია თუ მოწვეული სტუმარი, საკუთარი აზრის თავისუფლებად გამოთქმის უფლება აქვს

939

საპარლამენტო ტრიბუნა და ამ ტრიბუნაზე გამომსვლელი ადამიანის თავისუფლება – საკუთარი სტილით, საკუთარი მეთოდითა და მაგალითებით განიხილოს ესა თუ ის თემა, საპარლამენტო ცხოვრების ფუნდამენტია, – ამის შესახებ  მერვე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, ამჟამინდელი პარლამენტის თავმჯდომარეს, უმრავლესობასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის ბოლოდროინდელი პოლემიკის შეფასებისას განუცხადა.

უსუფაშვილი იმასაც ამბობს, რომ განცხადება, რომელიც გუშინ პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის სახელით გავრცელდა, ახალი სიტყვაა საპარლამენტო ცხოვრებაში.

“მე ჩემი პრაქტიკიდან ან რომელიმე სხვა პერიოდიდან ვერ ვიხსენებ შემთხვევას, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტს რაიმე განცხადება გაეკეთებინოს. როგორც ჩანს, საპარლამენტო წესებში, რეგლამენტში რაღაც შეიცვალა… პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი არ არის განცხადებამიღებაუნარიანი. კაბინეტი არ არის არანაირი ორგანო, მას არა აქვს რაიმე თემაზე გადაწყვეტილების, ერთობლივი პოზიციის შეჯერების მექანიზმი. შესაძლოა ამ განცხადების დედანს თან ახლავს კაბინეტის წევრების ხელმოწერები. მაშინ ეს არის კაბინეტის წევრთა განცხადება. ეს ნამდვილად ახალი სიტყვაა საპარლამენტო ცხოვრებაში და ეს იმ ფონზე, როცა რაღაც სიახლეები ჩანს ამ მიმართულებით. დასაბამიდან – რომის სენატიდან დღემდე, საპარლამენტო ტრიბუნა არის ადგილი, სადაც თუ ადამიანებს ტრიბუნაზე ასვლის უფლება ეძლევათ, მიუხედავად იმისა, ის პარლამენტის წევრია თუ მოწვეული სტუმარი, აქვს საკუთარი მოსაზრებების თავისუფლებად გამოთქმის საშუალება. ცხადია, ეს უნდა იყოს ეთიკის ნორმის ფარგლებში და ასე შემდეგ, მაგრამ რაღაცა ტიპის გრადაცია, თუ ვის პოლიტიკური მსჯელობა შეუძლია და ვის – მხოლოდ ტექნიკურ-იურიდიული, ასეთი რამ არც რეგლამენტიდან და არც რაიმე სხვა წესებიდან არ მახსენდება”, – განაცხადა  დავით უსუფაშვილმა.

მისივე შეფასებით, იმ ყველაფერში, რაც ხდება “ავადსახსენებელი საკონსტიტუციო უმრავლესობური მენტალიტეტია დამნაშავე”.

”საკონსტიტუციო უმრავლესობისკენ ანუ ერთპარტიულობისკენ სწრაფვა ბუნებრივად აჩენს გარკვეულ ადამიანებში გარკვეულ სტილს, ცხოვრების გარკვეულ წესს, როცა ადამიანებს უჩნდებათ განცდა, რომ ისინი ერთადერთნი არიან. ამის შემდეგ გაცილებით რთულია მიიღო სხვისი განხვავებული აზრი. განხვავებული აზრი გეჩვენება პირად შეურაცხყოფად ან სახელმწიფო ინტერესების ღალატად – დამნაშავეა ნეობოლშევიკური მიდგომები, რაც სწორედ საკონსტიტუციო უმრავლესობისკენ სწრაფვის და მისი შენარჩუნების მცდელობის შედეგია”, – აღნიშნა უსუფაშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება

წყარო: ინტერპრესნიუსი