თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ ოჯახებზე ისაუბრა. მერის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში 18 ერთეული უძრავი ქონება განიკარგა, რომელთაგან 4 მშენებლობის ეტაპზეა და დაახლოებით 700 ოჯახი იქნება ფართით დაკმაყოფილებული.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ იქნება ის მთავრობა, რომელიც მათ დაპირებას აუცილებლად შეუსრულებს.
„ჩვენ დავიწყეთ ძალიან მაგარი პროექტის განხორციელება და ეს ეხება კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ ოჯახებს, 3000-ზე ოდნავ მეტი ოჯახი არის და ჩვენ მათ დავპირდით ამ პრობლემის მოგვარებაში დახმარებას. ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები არის უკვე გადადგმული. დიღმის მე-3 და მე-4 მიკრო რაიონში 29 და 15 კორპუსების მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე ვაცხადებთ ინტერესთა გამოხატვას მიწის ფართი არის 7500 კვ.მ და გამოვლენილი გვყავს გამარჯვებული კომპანია „პერსპექტივა“, რომელიც იღებს ვალდებულებას სამშენებლო პროექტის განხორციელებაზე და „თეთრი კარკასის“ ფართებში 104 დაზარალებულ ოჯახს დააკმაყოფილებს. რადგან ძალიან ბევრია მომლოდინე ამ პროექტების განხორციელების, მივიღეთ გადაწყვეტილება თუ როგორ უნდა იყოს თანმიმდევრობა ამ ადამიანების. სოციალური ქულების მიხედვით ხდება რიგითობის განსაზღვრა რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ვინმეს გული არ დასწყდეს. დღეის მდგომარეობით, კოოპერატიული ბინათმშენებლობის ფარგლებში განიკარგა 18 ერთეული უძრავი ქონება, სანებართვო ეტაპზე არის 8 პროექტი,რომლებიც უახლოეს მომავალში მიიღებენ სამშენებლო ნებართვებს, 4 არის მშენებლობის ეტაპზე და ამ პროექტების ფარგლებში დაახლოებით 700 ოჯახი იქნება დაკმაყოფილებული. ვმუშაობთ, რომ ძალიან სწრაფად გამოიყოს კონკრეტული ადგილები რომ გვყავდეს გამარჯვებული კომპანიები და ააშენონ ამ ოჯახებისთვის განკუთვნილი ფართები. ჩვენ ვიქნებით ის მთავრობა, რომელიც მათ დაპირებას აუცილებლად შეუსრულებს,“ – აღნიშნა კახა კალაძემ.