დიდი დიღმის III და IV მიკრორაიონებში ბინებს კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 104 ოჯახი მიიღებს

807

კომპანია „პერსპექტივა“ იღებს ვალდებულებას, დიდი დიღმის მესამე და მეოთხე მიკრორაიონებში (29-ე და მე-15 კორპუსის მიმდებარედ) არსებულ მიწის ნაკვეთებზე სამშენებლო პროექტები განახორციელოს და განსაზღვრული თეთრი კარკასის ფართები ჯამში, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 104 ოჯახს გადასცეს, – ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. მიხარია, რომ ჩვენ დედაქალაქის ის მთავრობა ვართ, რომელმაც ამ კონკრეტული პრობლემის მოგვარება და ეფექტური ნაბიჯების გადადგმა დაიწყო. ეს პრობლემა უკვე რამდენიმე ათეული წელია არსებობს, რის გამოც, დაზარალებულად 3 000-ზე მეტი ოჯახია ცნობილი. კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული პირებისთვის საცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიზნით, დიდი დიღმის მესამე და მეოთხე მიკრორაიონებში (29-ე და მე-15 კორპუსის მიმდებარედ) არსებულ მიწის ნაკვეთებზე, რომელთა ჯამური ფართობი 7 500 კვადრატულ მეტრს შეადგენს, გამოცხადებული იყო ინტერესთა გამოხატვა. უკვე გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია „პერსპექტივა“, რომელიც იღებს ვალდებულებას, აღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე სამშენებლო პროექტები განახორციელოს და განსაზღვრული თეთრი კარკასის ფართები ჯამში, 104 დაზარალებულ ოჯახს გადასცეს.

როგორც იცით, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ პირთა ფართებით დაკმაყოფილების მიზნით, განხორციელებული სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, 2017 წლის ნოემბრიდან 2020 წლის ივნისის მონაცემებით, ჯამში, საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდა ყოფილი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის 610 წევრი და მათი უფლებამონაცვლე პირი. კოოპერატიული ბინათმშენებლობის პროექტის ფარგლებში, ზემოაღნიშნულ პერიოდში, ჯამში, განიკარგა 18 ერთეული უძრავი ქონება/მიწის ნაკვეთი; სანებართვო ეტაპზე – 8, ხოლო მშენებლობის ეტაპზე – 4 პროექტია; ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა 12 პროექტზე; 5 პროექტზე მიმდინარეობს ფართებით დასაკმაყოფილებელ პირთა დოკუმენტაციის დამუშავება; 2020-2021 წელს მიმდინარე პროექტების ფარგლებში, ფართებით დამატებით, დაახლოებით, 700 პირი დაკმაყოფილდება“, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, მიმდინარე წელს სხვადასხვა ინტერესთა გამოხატვის გამოცხადება იგეგმება, ჯამურად, დაახლოებით, 27 000 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის ფართობზე. ინვესტორთა განცხადებით, მშენებლობა სამშენებლო ნებართვების მიღებიდან საშუალოდ, სამ-ოთხ წელიწადში დასრულდება.