მუნიციპალიტეტები, რომლებიც სისტემის ერთ-ერთ მთავარ პრევენციულ რგოლს წარმოადგნენ, ვერ უზრუნველყოფენ წყალდიდობების ეფექტიან პრევენციას. არც ერთ მუნიციპალიტეტში არ არის დამტკიცებული რისკის მართვისა და საგანგებო მართვის გეგმები, – ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წყალდიდობით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების მართვის ეფექტიანობის ანგარიშშია აღნიშნული.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა EUROSAI-ის წევრ ქვეყნებთან ერთად განახორციელა პარალელური აუდიტი – წყალდიდობით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების მართვა (პრევენცია, მზადყოფნა).
აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:
პრევენციული ღონისძიებები
- 2019 წლიდან არ განახლებულა საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი (დამტკიცებულია მხოლოდ 2015-2018 წლების დოკუმენტი).
- 2017 წელს ქვეყანაში პირველად დამტკიცდა „საქართველოს კატასტროფის რისკის შემცირების 2017-2020 წლების ეროვნული სტრატეგია“. სტრატეგიის დოკუმენტისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება-დამტკიცება ერთმნიშვნელოვნად დადებითი მოვლენაა, თუმცა დოკუმენტებში წარმოდგენილი ინფორმაცია დეტალიზაციას და გაუმჯობესებას საჭიროებს. კერძოდ, რისკის შემცირების სტრატეგიით არ არის გათვალისწინებული წყალდიდობის პრევენციისთვის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი. სამოქმედო გეგმა არასრულყოფილია, ხოლო გაწერილი ღონისძიებების მხოლოდ მცირე ნაწილია (16%) შესრულებული. გეგმით გათვალისწინებული საკითხების მნიშვნელოვანი ნაწილი გადავადებული და შეუსრულებელია.
- რისკის შემცირების სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგი 2019 წელს არ განხორციელებულა.
- არ არის დანერგილი ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული ზარალის დათვლის ერთგვაროვანი მეთოდოლოგია, რის გამოც მუნიციპალიტეტები განსხვავებულად ითვლიან შედეგებს, რაც საბოლოოდ ხელს უშლის პრევენციული ღონისძიებების ეფექტიან დაგეგმვას და შესაძლოა საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიური ხარჯვა გამოიწვიოს.
- საგანგებო სიტუაციების დაფინანსების სისტემა არ ატარებს პროგრამული ბიუჯეტის შინაარსს. წყალდიდობის პრევენციისა და მზადყოფნისთვის გამოყოფილი სახსრები რამდენიმე უწყებაზეა გადანაწილებული. ფინანსური რესურსებისა და შესაბამისი განმახორციელებელი უწყებების სრულად იდენტიფიცირება შეუძლებელია რისკის შემცირების სტრატეგიის სამოქმედო გეგმაშიც.
- აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ რისკის შემცირების სტრატეგიულ დოკუმენტებში ტყის საფარის, განსაკუთრებით კი ჭალის ტყეების მოვლა-აღდგენა, როგორც წყალდიდობის პრევენციული ღონისძიება, გათვალისწინებული არ არის. განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების უბნებში ფიქსირდება ტყის ჭრის ფაქტები, რაც უკანონო ხასიათს ატარებს და ზრდის ბუნებრივი კატასტროფის მოხდენის ალბათობას.
- მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ჭარბი ურბანიზაცია მდინარეთა სანაპიროებზე. კანონმდებლობით, სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონებში მშენებლობის ნებართვის გაცემისას საჭიროა საავტომობილო გზების დეპარტამენტის დასკვნა, თუმცა აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ 2014-2019 წლებში დეპარტამენტმა ამ ტიპის მხოლოდ 7 განცხადება მიიღო და ფაქტობრივად მდინარეთა ნაპირებში მშენებლობები მათი ნებართვის გარეშე მიმდინარეობს.
ბუნებრივი კატასტროფის მართვის პროცესში არსებული კოორდინაციის ნაკლოვანებები
- აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ სუსტია კოორდინაცია და თანამშრომლობა სისტემის სხვადასხვა სუბიექტს შორის. ბუნებრივი კატასტროფების მართვის კუთხით, უწყებების ორგანიზაციული ფუნქციები არ არის მკვეთრად გამიჯნული, ასევე არ არის დადგენილი მათ შორის შესაბამისი ინფორმაციის გაცვლის სტანდარტი და პერიოდულობა. აღნიშნული განსაკუთრებულად აისახება განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანობაზე.
- აუდიტის შედეგად გამოვლინდა კონკრეტული ფაქტები, როდესაც ერთ-ერთი უწყების მიერ განხორციელებულმა მონიტორინგმა გამოავლინა პრობლემა, თუმცა შესაბამისი ინფორმაციის გაცვლის სტანდარტის არარსებობის გამო, სხვა უწყებებმა საფრთხეზე რეაგირება დროულად ვერ უზრუნველყვეს.
- მუნიციპალიტეტები, რომლებიც სისტემის ერთ-ერთ მთავარ პრევენციულ რგოლს წარმოადგნენ, ვერ უზრუნველყოფენ წყალდიდობების ეფექტიან პრევენციას. არც ერთ მუნიციპალიტეტში არ არის დამტკიცებული რისკის მართვისა და საგანგებო მართვის გეგმები, შესაბამისად ამ მიმართულებით, მუნიციპალიტეტების მზადყოფნის დონე დაბალია.
მზადყოფნის ღონისძიებები
- მოსახლეობის ადრეული შეტყობინების სისტემებისთვის არ გამოიყენება თანამედროვე ტექნოლოგიები – ციფრული რუკები, SMS შეტყობინებები.
- მოსახლეობის ინფორმირებულობისა და ცნობიერების ამაღლების მიმართულებით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, იქმნება სხვადასხვა პროდუქტი – ვიდეოგაკვეთილები, მობილური აპლიკაცია – თუმცა, ისინი არაპოპულარულია და ვერ აღწევს საბოლოო მიზანს. არასაკმარისია არსებული ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების მომხმარებლებისათვის მიწოდების მეთოდები.