მდინარაძე: პრემიერმა ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ორჯერ ჩააგდო ნოკაუტში

492

მხოლოდ ორატორობა არ არის საკმარისი, მართალი უნდა იყო, როცა გინდა, პოლიტიკური დებატები მოიგო. ამ შემთხვევაში, გიორგი გახარიასა და „ქართული ოცნების” მხარეს არის სიმართლე, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ ხვალ პრემიერმინისტრის საქართველოს პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

„თქვენ იცით, რომ გიორგი გახარია ბოლო პერიოდში პარლამენტში ორჯერ იყო მოსული და სკეპტიციზმი იმის თაობაზე, რომ საერთოდ არ მოდიოდა, ჩამოიშალა. ხვალ მესამედ მოდის და დარწმუნებული ვარ, ისევ ისეთი ამომწურავი პასუხები ექნება, როგორც წინა ორ შემთხვევაში. თქვენ ნახეთ, რომ ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ორჯერ ნოკაუტში ჩააგდო. გუშინ, სოციალურ ქსელში ვარჯიშის სურათები დადეს, რომ ეტყობა შეეშინებინათ, არც ეს ვარჯიში გაჭრის. მხოლოდ ორატორობა არ არის საკმარისი, მართალი უნდა იყო, როცა გინდა, პოლიტიკური დებატები მოიგო. ამ შემთხვევაში, გახარიას და „ქართული ოცნების” მხარეს არის სიმართლე. დებატებს ეს იგებს და არა რაღაც მოთელვა და სოციალური ქსელიდან შეშინებები. როგორც მავნებლური და კრიმინალურ ოპოზიციად ჩამოყალიბებული ე.წ. კლასტერი მხოლოდ იმ შემთხვევაში მოდის პლენარულ სხდომაზე, როცა ფიქრობენ, რომ ზიანს მიაყენებენ ხელისუფლებას. როცა საქმე საქმეზე მიდგება, მაშინ პარლამენტში არ დადიან, კონსტიტუციასა და საზოგადოებრივ კონსენსუსს არაფრად აგდებენ და მოდიან მხოლოდ მაშინც, როცა უნდათ, ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ ლიდერს ზიანი მიაყენონ. სხვა არაფერი ფუნქცია აღარ აქვთ, გარდა მავნებლობისა და კრიმინალური პოლიტიკური მენტალობის შექმნისა, რაც ბოლო დღეებში გამოჩნდა. როცა საზოგადოებრივ საჭიროებაზეა საუბარი, მათ შორის ბიუჯეტზე, პარლამენტში მაშინ არ მოდიან. კრიმინალები საბოლოოდ ისჯებიან სასამართლოსა და სახელმწიფოს მიერ. კრიმინალური ოპოზიცია დაისჯება ხალხის მიერ და საბოლოო გადაწყვეტილება გამოცხადდება 31 ოქტომბერს ასეთი ქმედებების გამო“, – განაცხადა მდინარაძემ.

გიორგი გახარია პარლამენტის წინაშე წლიური ანგარიშით 26 ივნისს წარდგება. ბოლო დროის განმავლობაში ეს პრემიერ-მინისტრის საკანონმდებლო ორგანოში უკვე მესამე ვიზიტია.

ბოიკოტის რეჟიმის მიუხედავად, გახარიას გამოსვლას „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ დაესწრებიან და კითხვებსაც დასვამენ.

გასულ თვეში პრემიერი პარლამენტში ორჯერ იმყოფებოდა. 27 მაისს გიორგი გახარიამ კოვიდ-ანგარიში წარადგინა, 29 მაისს კი საკანონმდებლო ორგანოს ინტერპელაციის წესის ფარგლებში ეწვია.