მდინარაძე: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ მავნებლობაში ღრმად შეტოპეს

297

„ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ სერიოზული პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევთ, თუ კენჭისყრაზე არ შემოვლენ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, არ არის გამორიცხული ამ პარტიებმა საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი მესამე მოსმენაში დაუჭირონ, თუმცა პროგნოზის გაკეთება რთულია.

„მათი პროგნოზირება ცოტა რთულია, რადგან ღრმად შეტოპეს იმ მავნებლობაში, რასაც ბოლო დღეებში ვხედავთ. არ გამოვრიცხავ, რომ ისინი შეუერთდნენ არა ელჩების, არამედ მათი კრიმინალური დაჯგუფების ლიდერის, რურუას მოწოდებას, რომელმაც თქვა, რომ უნდა შევიდნენ და ხმა მისცენ კონსტიტუციურ ცვლილებებს. მგონი, რურუა უკეთესად ხვდება, რა ჩიხში შედიან მისი თანაპარტიელები და თანამებრძოლები, ვიდრე თავად ის ადამიანები, რომლებიც უფრო ადეკვატურები უნდა იყვნენ“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, თუ ოპოზიციის ეს ნაწილი რიტორიკას არ შეცვლის, ეს კარგი იქნება „ქართული ოცნებისთვის“, და ცუდი ქვეყნისთვის.

„ისეთ საქმეებთან დაკავშირებით არ ვაპირებ საუბარს, სადაც არ არის ბრალდებები ან განაჩენები, მაგრამ ამ ქვეყანაში ყველამ ყველაფერი იცის, ამას რომ თავი დავანებოთ, ვიცით, საზოგადოებრივი აღქმები. რურუას თუ ირჩევენ ეს ადამიანები ლიდერად, ეს მათი საქმეა, ისედაც სამპროცენტიანი რეიტინგის ფარგლებში ეს მათი გასარისკია, ჩვენ ამაზე არ ვინერვიულებთ ნამდვილად. ჩვენთვის ეს სუბიექტურად უკეთესია, მაგრამ ქვეყნისთვის კარგი არ არის. ეს ის იშვიათი გამონაკლისია, როცა ჩვენი პარტიის სუბიექტური ინტერესი და ქვეყნის ინტერესი ერთმანეთს არ დაემთხვა. პოლიტიკური პარტიისთვის, რომელსაც უწევს ეს პარტიები კონკურენციას ეს არის კარგი, რადგან რურუა რომ იქნება ლიდერი, ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ქვეყნისთვის უბრალოდ სირცხვილია, რომ გიორგი რურუა მოიხსენიება ან პოლიტპატიმრად, ან რომელიმე თუნდაც, ერთ პროცენტიანი პარტიის ლიდერად“, – ამბობს მდინარაძე.

გიორგი რურუამ Facebook-ზე განცხადება გაავრცელა და თანამოაზრეებს საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენაში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

23 ივნისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭი მეორე მოსმენით უყარეს. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 115-მა დეპუტატმა, 3-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. რეგისტრაცია გაიარა 119-მა დეპუტატმა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს და ამის მიზეზად გიორგი რურუას პატიმრობაში დარჩენა დაასახელეს.