ვარკეთილის ხევში ახალი პარკის მოწყობა იგეგმება

694

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ვარკეთილის ხევის ტერიტორიაზე ახალი პარკის მოწყობას გეგმავს. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხდა.

სარეკრეაციო სივრცის პროექტირების პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია. პარკის ტერიტორია, რომლის მიმდებარედ, დაახლოებით, 40 ათასი ადამიანი ცხოვრობს, 3 ჰექტარს მოიცავს. ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი რესურსების, ხე-ნარგავების შენარჩუნებითა და გარემოში მინიმალური ჩარევით, თანამედროვე რეკრეაციული სივრცის შექმნა იგეგმება.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ დაახლოებით 1 თვეში გვექნება სრული პროექტი და დავიწყებთ უშუალოდ სამუშაოების განხორციელებას. გამოვაცხადებთ ტენდერს, გვეყოლება გამარჯვებული კომპანია და ის მოახდენს უკვე სამუშაოების წარმოებას“, – აღნიშნა მერმა.

პარკი პასიურ და აქტიურ დასვენების ზონად დაიყოფა. ტერიტორიაზე გაჩნდება მოსასვენებელი სივრცეები, ​ატრაქციონებით დატვირთული საბავშვო მოედნები, ასევე, სპორტული და სავარჯიშო მოედნები, ღია ამფითეატრი, შადრევანი, ველობილიკი, ძაღლების სასეირნო და სავარჯიშო სივრცე, სკეიტ-პარკი და გადმოსახედი ბაქანი და საპიკნიკე სივრცე მოეწყობა. პროექტის ფარგლებში, განახლდება არსებული საფეხმავლო ხიდიც. ტერიტორია გათვლილი იქნება ყველა ასაკობრივ ჯგუფზე და სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.