ჭავჭავაძის გამზირზე, ვაკის პარკის მიმდებარედ მოასფალტების სამუშაოების ბოლო ეტაპი დაიწყო, რომელიც ორშაბათისთვის მთლიანად დასრულდება. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, პარალელურად გამზირზე ტროტუარების მოპირკეთება და გამწვანებითი სამუშაოები მიმდინარეობს. ბოლო ეტაპზე კი დახაზვითი სამუშაოები ჩატარდება და განათების სისტემის შეცვლა მოხდება.
„გამზირი საკმაოდ საინტერესო გამოდის, ახალი პროექტი არის. აქაც ავტობუსებისთვის შესაბამისი ზოლები არის გამოყოფილი, იმისთვის რომ საზოგადოებრივმა ტრანპოსრტმა ყველანაირი შეფერხების გარეშე, უპრობლემოდ შეძლოს გადაადგილება“, – განაცხადა კალაძემ.
ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია 2019 წლის დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „ჯეუ გრუპი“ ახორციელებს. პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 15 000 000 ლარი დაიხარჯა.