შენი, ჩემი, ჩვენი სახლი – ნუკრიანის სახელოსნოებს ჩვენი დახმარება სჭირდება

3299

ავტორიანა მარგველაშვილი – სათემო განვითარების ცენტრი

“შენი, ჩემი, ჩვენი სახლინუკრიანის სახელოსნოების სათემო სახლი” – ამ სახელწოდებით დაიწყებს მალე თანხის შეგროვების კამპანიას სათემო კავშირი “ნუკრიანი” და “ნუკრიანის სახელოსნოები” იმ იმედით, რომ სოფელში სათემო ცენტრისა და სახელოსნოების შეუფერხებელი მუშაობისთვის საჭირო სივრცისთვის თანხა შეგროვდეს. “სახელოსნოებს” დღეს მორიგი ძნელბედობის დრო დაუდგა…

2006-2014 წლებში, ჩემი ბავშვობის სოფელს (დედულეთი), ანუ ნუკრიანს, საქმით დავუკავშირდი და ისე მოხდა, რომ საქართველოში ერთ-ერთი პირველი სოციალური საწარმოს, ანუ “ნუკრიანის სახელოსნოების” დაბადების მოწმედ და თანამონაწილედაც ვიქეცი.  სოფელში ჯერ იყო და სათემო კავშირი “ნუკრიანი” დაფუძნდა და მერე, 2007 წელს, ერთობლივი ძალისხმევით, სახელოსნოებსაც ჩაეყარა საფუძველი. ამავე წლის დეკემბერში სახელოსნოებმა პირველი საშობაო გამოფენა-ბაზრობა გამართეს თბილისში;  მას შემდეგ დეკემბრის გამოფენა-გაყიდვები ერთგვარ წინასაახალწლო რიტუალად იქცა და ბევრი ერთგული მყიდველი და გულშემატკივარიც გაიჩინა.

სოციალური საწარმო რას ნიშნავდა, მაშინ ნადვილად არ ვიცოდით (მეწარმეობის შედეგად მიღებული შემოსავალი და მოგება არ ნაწილდება დამფუძნებლებს შორის, არამედ სრულად ხმარდება სოფლად ან თემში სხვადასხვა სოციალურ და სათემო მიზანს, მაგალითად, ქალების დასაქმებას, დასუფთავების აქციას და სხვა); სრულიად გამოუცდელებმა, სახელოსნოს შენება ნაბიჯ-ნაბიჯ და ხელების ცეცებით დავიწყეთ. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ სახელოსნოების ბაზაზე სოფლად მცხოვრებმა 150-ზე მეტმა ქალმა ისწავლა ტექსტილთან დაკავშირებული სხვადასხვა ხელობა. ბევრი მათგანისათვის ეს შემოსავლის მთავარ წყაროდ იქცა და სიღნაღის ტურისტული ბაზარი საკუთარი ხელნაკეთი ნივთებით გაამრავალფეროვნეს. სახელოსნოებში დარჩენა და გუნდურად მუშაობა კი ათამდე ქალმა მოინდომა და ასე დაიწყო სახელოსნოების ორგანიზაციული შეკავშირება-განვითარება; ათ წელზე მეტია, ქალები მუშაობენ, კერავენ, ქსოვენ, თექას თელავენ, სტუმრებს იღებენ და მასპინძლობენ… იმდენი თელეს და ისეთი მონდომებით, რომ ერთხელ პირადობის მოწმობების ასაღებად ჩასულებს თითის ანაბეჭდი ვერ აუღეს. წაშლილი ჰქონდათ.

ზემოთაც ვთქვი, სახელოსნოები სათემო კავშირის – “ნუკრიანის” ერთ-ერთი და შეიძლება ითქვას, მთავარი პროგრამაა. იქ, სადაც ერთი საქმის ეს ორი “უჯრედი” დაიდებს ხოლმე ბინას, უცებ იბადება საინტერესო სათემო ინიციატივები. ვისაც ეს ინიციატივები და სათემო ცენტრის/სახელოსნოების სხვა სერვისები აინტერესებს, მათთვის კარი მუდამ ღიაა.

თუმცა, რომელი კარი? – სახელოსნოები თავდაპირველად ნუკრიანის N1 საჯარო სკოლის შენობაში იყო განთავსებული; შემდეგ, 2011 წლიდან, იქვე, სოფლის ცენტრში, კულტურის სახლის ნახევრად დანგრეულ და გაპარტახებულ შენობაში გადავიდა. სათემო ცენტრმა კულტურის სახლში რამდენიმე ოთახი დაიკავა (მუნიციპალიტეტისაგან აიღო იჯარით) და მას მერე, რაც თავისი სამუშაო სივრცე დაასუფთავა და კეთილმოაწყო, ნელ-ნელა დანარჩენი შენობის აღორძინებაზეც დაიწყო ფიქრი და ჯერ სოფლის ბიბლიოთეკის ოთახის რემონტისათვის იშოვა დაფინანსება, მოგვიანებით,  პარტნიორების ჩართულობითა და შუამდგომლობით, ამავე შენობაში საზოგადოებრივი ცენტრიც გაიხსნა; შენობის წინ სკვერიც მოწესრიგდა; ამ პერიოდში სოფლის ცენტრი სულ სხვაგვარად იყო გალამაზებული და გამოცოცხლებული: საღამოობით ახალგაზრდები იყრიდნენ თავს, ღია სცენაზე, სათემო კავშირის მიერ მოწყობილ ეკრანზე, ჩემპიონატებსა და ფილმებსაც კი უყურებდნენ ხოლმე ერთად და იყო ერთი მხიარულება!

კულტურის სახლთან დაკავშირებული სამომავლო გეგმები უფრო შორსმიმავალი იყო და ერთ შენობაში მრავალფეროვანი სათემო და კულტურული სივრცის განვითარებას გულისხმობდა ეტაპობრივად. თუმცა, ეს გეგმები მალე ოცნებებად იქცა და 2016 წლის დეკემბერში კულტურის სახლთან ერთად ჩაიწვა. სახელოსნოების ინვენტარის გადარჩენა მაშინ სასწაულებრივად შეძლეს. შენობა მას შემდეგ ასე დარჩა, ნახევრად დამწვარი, საზოგადოებრივი ცენტრი სხვა შენობაში გადავიდა, ნუკრიანის სახელოსნოებმა კი დროებითი თავშესაფრის ძიება დაიწყო.

ღია ცის ქვეშ დარჩენილი სახელოსნოებისათვის მაშინ, სულ მოკლე დროში, ერთგული მეგობრებისა და გულშემატკივრების დახმარებით, 3400 ლარი შეგროვდა და ეს თანხა ახალი თავშესაფრის კეთილმოწყობას მოხმარდა.  ახალი და დროებითი სივრცე კი, თანასოფლელის წლობით გამოკეტილი სახლი იყო, რომელიც მან სახელოსნოებს უსასყიდლოდ დაუთმო – აგერ თითქმის 4 წლით.

წლობით გამოკეტილი ეზო-კარი ქალებმა ჩვეული გულითადობით მოაწესრიგეს, გაალამაზეს… ეზოში დარჩენილ სათონეში თონეც დააგუზგუზეს, სახლის წინაპრებისთვის საკმეველიც ჩააკმიეს ნაკვერჩხალში, მოსაგონარიც თქვეს და ქიზიყური ნაზუქებიც დააცხვეს; ბევრი იშრომეს, კერეს, თელეს, ქსოვეს, სტუმრები მიიღეს, თანასოფლელებს სამეწარმეო პროექტების დაწერაში დაეხმარნენ, ახალგაზრდა მოხალისეებს უმასპინძლეს, კინოჩვენებები გამართეს და დღეს ამ დროებითი თავშესაფარის დაცლამაც მოუწიათ.

ჩვენო მეგობრებო, ერთგულო გულშემატკივრებო, გვინდა, გაუწყოთ, რომნუკრიანის სახელოსნოებს” ისევ დაუდგა ძნელბედობის ჟამი.
სახლი, რომელიც ხანძრის შემდეგ გვათხოვეს და რომლის მოწესრიგებასაც ჩვენი დიდი ენერგია, თქვენ მიერ შემოწირული და ჩვენი დანაზოგი ფინანსები მოვანდომეთ, ხვალ სასწრაფოდ უნდა დავცალოთ. კიდევ ერთხელ დავრჩით ღია ცის ქვეშ.
4
თვეა, სოციალურ საწარმოს არ უმუშავია და არანაირი შემოსავალი არ აქვს, ვერ ვქირაობთ ფართს ,რომ სადმე თავი შევაფაროთ.
უკვე ვეღარ ვხედავთ, საქართველოში ერთერთი პირველი და წარმატებული სოციალური საწარმოს მომავალი როგორ უნდა გაგრძელდეს”  –
გვატყობინებდა ორიოდ დღის წინნუკრიანის სახელოსნოები” სოციალურ ქსელში.

ჩვენო მეგობრებო, ერთგულო გულშემატკივრებო,გვინდა გაუწყოთ, რომ ,,ნუკრიანის სახელოსნოებს" ისევ დაუდგა ძნელბედობის…

Posted by ნუკრიანის სახელოსნოები • Nukriani Workshops on ორშაბათი, 08 ივნისი, 2020

ეს დროებითი სასოწარკვეთა ქალების ჩვეული მობილიზებითა და საბრძოლო შემართებით უცებ შეიცვალა. დროებითი თავშესაფარი (მადლობა სახლის პატრონს სამწლიანი უსასყიდლო მასპინძლობისთვის!) ერთ დღეში დაცალეს და ახლა უკვე დროებით ნაქირავებ შენობაში გადაბარგდნენ. ახლა ის  მოაწესრიგეს, დაალაგეს და ეს ყველაფერი სულ 2 დღეში. ქირას კი გაართმევენ თავს საკუთარი ძალებითა და გულშემატკივრების დახმარებით, მაგრამ მერე  ეს სახლიც რომ უცებ დასაცლელი გახდეს? მერე შემდეგიც და შემდეგიც? სამწუხაროდ, სოფელში მუნიციპალური სივრცე ასეთი საზოგადოებრივი ორგანიზაციის შეუფერხებელი საქმიანობისათვის არ მოიძებნა.

დამეთანხმებით, ალბათ, ასეთ მომთაბარეობაში და 3-4 წელიწადში ერთხელ თავშესაფრის ძიებაში, განვითარება, მშვიდი მუშაობა და გრძელვადიანი სათემო პროექტების განხორციელება რთულია. სწორედ ამიტომ, ამჯერადნუკრიანის სახელოსნოები” საკუთარი სახლის შესაძენად თანხის შეგროვების გრძელვადიან კამპანიას დაიწყებს. მთავარია, ამ ყოჩაღი ქალების ორგანიზაციას სტაბილურობის განცდა გაუჩნდეს და მომავალი თაობა, რომელიც სათემო კავშირსა თუნუკრიანის სახელოსნოებს“ გადაიბარებს, იგივე პრობლემების წინაშე არ აღმოჩნდეს და შეუფერხებლად იმუშაოს სოფლის საკეთილდღეოდ.

თუკი მოქალაქეებისა თუ პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით ეს კამპანია შედეგიანი გამოდგა და სახლის შესაძენად საჭირო თანხა შეგროვდა, მაშინ აქ, ამ სახლში, ნუკრიანის სათემო ცენტრი და “ნუკრიანის სახელოსნოები” განთავსდება: სახელოსნოებიც იმუშავებს, სათემო და სასოფლო ტურიზმის განვითარების მხარდამჭერი სერვისებიც, სახელობო და არაფორმალური სასწავლო კურსებიც დაინერგება სოფლის მცხოვრებლებისთვის და სხვა, უამრავი პროექტის განხორციელებაც შეუფერხებლად გახდება შესაძლებელი.

ოცნების, სახელად –შენი, ჩემი, ჩვენი სახლინუკრიანის სათემო სახლი”, განხორციელებაში შეუძლია მონაწილეობის მიღება ნებისმიერ გულშემატკივარს. მიზანი 20 000 ლარის შეგროვებაა. ამ ფასად სოფელში ჯერ კიდევ შეიძლება რაიმე, ძველი და თუნდაც სრულიად მოუწყობელი სახლის შეძენა, რომელსაც „სახელოსნოების“ ქალები ტრადიციულად დაასუფთავებენ და დააწკრიალებენ.

ზღვა წვეთობით ივსებაო და სულ მცირე შემოწირულობაც კი დიდი გვერდში დგომა იქნებანუკრიანის სახელოსნოებისათვის” იმ გრძელ და რთულ გზაზე, რომელსაც ახლა უნდა დაადგნენ.

მიმღები: ა(ა)იპ “კავშირი – სათემო ორგანიზაცია ნუკრიანი”

ბანკი: სს “საქართველოს ბანკი”

კოდი: BAGAGE22

ანგარიშის №: GE85BG0000000219778000

დანიშნულება: ნუკრიანის სახელოსნოების სახლის შესაძენი შემოწირულობა

საკონტაქტო პირი: მაია  ბიძინაშვილი, ტელ:577202111

რუბრიკა “სოფელ-სოფელ” მხარდაჭერილია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრისა და ღია საზოგადოების ფონდის მიერ.