კალაძე: ტენდერები ჩატარდება, თუმცა, გამარჯვებულ კომპანიებთან ხელშეკრულებები ამ ეტაპზე არ გაფორმდება

467

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქის მერიის ბიუჯეტი შემცირდა, ტენდერების გაჩერება არ იგეგმება, თუმცა, გამარჯვებულ კომპანიებთან ხელშეკრულებები არ გაფორმდება, რადგან ფინანსური შესაძლებლობები არ არის.

თბილისის მერის თქმით, დამატებითი თანხების მოძიების შემთხვევაში ყველა პროექტი განხორციელდება, მაგრამ „ახლა სხვა პრიორიტეტებია“.

„შემოსავლების ნაწილში 150 000 000 ლარზე მეტი დაკარგა ჩვენმა ბიუჯეტმა, რაც ძალიან ცუდია. თქვენ იცით, რომ ამბიციური გეგმები გვქონდა წლის დასაწყისში

პროექტების განხორციელების თვალსაზრისით. ჩვენ ტენდერებს არ ვაჩერებთ, თუმცა გამარჯვებულ კომპანიებთან ჯერ იმ კონკრეტულ პროექტებზე, რომელზეც ვსაუბრობდით წლის დასაწყისში, ხელშეკრულებებს არ გავაფორმებთ იმიტომ, რომ ჯერ ფინანსური შესაძლებლობები აქ გვაქვს, თუმცა მზად ვიქნებით ყველანაირად. როდესაც გამოიძებნება დამატებითი თანხები, რა თქმა უნდა, ყველა პროექტი განხორციელდება. დღეს სხვა პრიორიტეტებია, სხვა რეალობაში გვიწევს ცხოვრება“, – განაცხადა კალაძემ.