დედაენისა და 9 მარტის ბაღების რესტავრაცია-რეაბილიტაციის მეორე ეტაპი წლის ბოლოს დასრულდება

1177

დედაქალაქის მერია და „თბილისის განვითარების ფონდი“ დედაენისა და 9 მარტის ბაღების, ასევე, მათი მიმდებარე ტერიტორიის რესტავრაცია-რეაბილიტაციის მეორე ეტაპით გათვალისწინებულ სამუშაოებს ახორციელებენ.

„არ შემიძლია არ ვისაუბრო ზოგადად რეკრეაციულ სისტემებზე, არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობაზე, მის გამოსწორებაზე, რა უნდა გავაკეთოთ, რა ღონისძიებებია დაგეგმილი. არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის ახალი სივრცეების შექმნა, არსებული სკვერების, არსებული პარკების განახლება-რეაბილიტაციის პროექტები. ჩვენ გასულ წელს დავიწყეთ ზაარბიუკენისა და მშრალი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც ფაქტობრივად დასრულებულია.

უკვე ფონდს დაწყებული აქვს სამუშაოების მეორე ეტაპი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია. ეს არის დედაენის ბაღისა და 9 მარტის ბაღების სრული რეაბილიტაცია-განახლება. ასევე, ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ მოვახდინეთ ამ ორი ბაღის ერთმანეთან ძალიან ლამაზი გვირაბით დაკავშირება. ადამიანებს არ მოუწევთ ზემოთ გზაზე გადასვლა, პირდაპირ იქნება შესაძლებელი, რომ ამ ორ ბაღში გვირაბის საშუალებით მოხდეს დაკავშირება.

ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო არეალში მიმდინარეობს არსებული ინფრასტრუქტურისა და დაზიანებული გზის საფარის დემონტაჟი, წყალარინების ქსელის მოწყობა, მწვანე საფარის მოცულობის გაზრდა. ორივე ბაღში ძალიან ბევრი იყო ფილები, ბეტონით გზები, ამ ყველაფრის დემონტაჟი განვახორცილეთ, რათა რაც შეიძლება მეტად გავზარდოთ მწვანე სივრცეები და უფრო მეტი მწვანე სივრცე იყოს ამ ორ ბაღში. ამ პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია სავაჭრო სივრცეების მოწყობა. იცით, რომ აქ წლების განმავლობაში ხდებოდა ნახატების გაყიდვა, ჩვენ ამ ადამიანებს ხელს არ შევუშლით, პირიქით, ძალია კომფორტულ და სიანტერესო გარემოს მოვაწყობთ, სადაც ცივილიზებული და ნორმალური პირობები იქნება, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე ჩამომსვლელ ტურისტს ყველას ესიამოვნება იქ მისვლა, ისე ჩატარდება სამუშაოები“,- განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, არსებული „სკეიტ პარკის“ დემონტაჟიც ჩატარდება, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია. „ძალიან ბევრი ბავშვი, ბევრი ახალგაზრდა სარგებლობს ამ კონკრეტული პარკით. ამ მოძველებული, გაუბედურებული „სკეიტ პარკის“ ნაცვლად, გაკეთდება ახალი, თანამედროვე, ევროპული სტანდარტის „სკეიტ პარკი“, ასევე დაირგვება ხე-მცენარეები, მოეწყობა სარწყავი სისტემები და განათებები. პირობას გაძლევთ, რომ ყველა თაობის ადამიანი იამაყებს იმ პროექტებით, რომელსაც ჩვენ მთელი ქალაქის მასშტაბით ვახორციელებთ“,- განაცხადა კალაძემ.

მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდების, დედაენისა და 9 მარტის ბაღების რეაბილიტაცია პროექტ „ახალი ტფილისის“ მსხვილი არეალების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. პროექტი ქალაქის ისტორიულ ნაწილში დიდი ტურისტული მარშრუტის შექმნას, ძველი და ახალი რეაბილიტირებული ზონების ერთმანეთთან დაკავშირებას ისახავს მიზნად.

დედაენისა და 9 მარტის ბაღების, მათი მიმდებარე ტერიტორიის რესტავრაცია-რეაბილიტაციის მეორე ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.