კახა კალაძის გადადგომის მოთხოვნით 13 ივნისს მერიასთან აქცია იგეგმება

521

თბილისის მერის, კახა კალაძის გადადგომის მოთხოვნით 13 ივნისს მერიასთან აქციის გამართვა იგეგმება. ამ თემაზე ანას ბაღის აქტივისტმა, გიორგი ფხალაძემ TV პირველთან ისაუბრა.

“13 ივნისს თბილისის მერიასთან ვმართავ საპროტესტო აქციას და ჩვენი, პირადად ანას ბაღის მცველების მთავარი მოთხოვნა იქნება კახა კალაძის გადადგომა რადგან მან დაკარგა ჩვენ თვალში ლეგიტიმაცია, ის არ არის კარგი მერი, ანადგურებს გარემოს”, — თქვა გიორგი ფხალაძემ.

აქტივისტის თქმით, სამართლებრივი სახელმწიფოს შემთხვევაში კალაძეს თანამდებობა დღესვე უნდა დაეტოვებინა და საქმეზე გამოძიება უნდა დაწყებულიყო.

შეგახსენებთ, რომ ვარკეთილში, თბილისის მერ კახა კალაძესა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის დაპირისპირება 5 ივნისს მოხდა. დედაქალაქის მერი ვარკეთილში ახლად რეაბილიტირებული სკვერის გახსნაზე მივიდა. სკვერში მისულ კახა კალაძეს ადგილზე “ანას ბაღის” დამცველები და მოძრაობა “შეცვალეს” წევრები დახვდნენ.

აქტივისტი აცხადებს, რომ დედაქალაქის მერისთვის დიღმის ჭალებთან დაკავშირებით შეკითხვის დასმა სურდათ, თუმცა, კალაძემ მათ ხელი დაარტყა. ერთ-ერთი აქტივისტის განცხადებით, „კალაძემ მაისურიც შემოახია”.

დაპირისპირება მთავარი არხის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს.

თბილისის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. დაპირისპირების შემდეგ კახა კალაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა პროვოკაცია სცადეს.