საქართველოში კიდევ ერთი დაცული ტერიტორიის შექმნა იგეგმება. შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება. კანონპროექტით იქმნება მარიამჯვრის დაცული ტერიტორიები 5958.3 ჰა ტერიტორიაზე.
ინიციატივით კონკრეტდება, რომ მარიამჯვრის დაცული ტერიტორიები მოიცავს: მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალს; ცივ-გომბორის აღკვეთილს.
„კანონპროექტის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ ცივ-გომბორის აღკვეთილისთვის განსაზღვრულ ტერიტორიაზე წარმოდგენილია საქართველოს წითელი ნუსხით დაცული ისეთი მერქნიანი სახეობები, როგორიც არის მაღალმთისა და ჭალის მუხა და უთხოვარი. საქართველოს წითელი ნუსხის ცხოველთა სამყაროს წარმომადგენლებიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე წარმოდგენილია მურა დათვი და იშვიათად გვხვდება კეთილშობილი ირემი. ამასთანავე, აღნიშნულ ფართობებს აქვს საკვანძო მდებარეობა, სადაც ტურისტს ეძლევა შესაძლებლობა, მოხვდეს სოფელ თეთრ წყლებში, შუამთაში, თელავში, წინანდალში და უძველეს ისტორიულ ქალაქ ჭერემთან; – „ბებერი კლდის“ მიდამოებში წარმოდგენილია ხელუხლებელი მუხნარი უთხოვრის ქვეტყით, რომლის ანალოგი არამარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც არ მოიპოვება”, – აღნიშნულია პროექტში.
ცვლილებების ინიციატორები ნინო წილოსანი, სულხან მახათაძე, კახაბერ კუჭავა, დავით სონღულაშვილი და რომან მუჩიაშვილი არიან.