ვფიქრობ, ამ გაზგასამართი სადგურის გადატანა ძალიან რთული საკითხია , – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ნუცუბიძის მე-3 პლატოზე, ამაშუკელის ქუჩაზე არსებულ გაზგასამართ სადგურთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც რამდენიმე დღის წინ აფეთქდა. კალაძის თქმით, აღნიშნულ ადგილზე გაზგასამართი სადგურის განთავსებაზე ნებართვა გიგი უგულავას მერობის პერიოდში გაიცა.
„ვფიქრობ, გაზგასამართი სადგურის გადატანა ძალიან რთული საკითხია. უგულავას დროს, თუ არ ვცდები 2008 წელს არის ნებართვა გაცემული. მე, როგორც გარედან ვუყურებ თემას, ზოგადად, პრობლემა მგონია იქ ამ გაზგასამართი სადგურის არსებობა იმ ნორმების დაცვიდან გამომდინარე, რაც არის მოთხოვნილი“, – განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ ამაშუკელის ქუჩაზე „ეკო გაზის“ გაზგასამართი სადგური 1 ივნისს აფეთქდა. შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი, რომელმაც სხეულის 25%-ის დამწვრობა მიიღო.