თბილისის მერიამ ღია კაფეებს ახალი შეღავათი დაუწესა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა. მისი თქმით, გადაწყვეტილება მერიამ პრემიერმინისტრთან და ეკონომიკის მინისტრთან ერთად მიიღო.
კერძოდ, ღია კაფეებს, რომელიც მუნიციპალურ სივრცეებშია განთავსებული, ქვეყანაში არსებული შეზღუდვების მოხსნამდე მიეცემათ შესაძლებლობა, მაგიდები განალაგონ ისეთ ადგილებში, სადაც მათ იჯარის ხელშეკრულებით ამის უფლება არ აქვთ.
„გუშინ, გუშინწინ მქონდა კონსულტაციები პრემიერმინისტრთან, ასევე ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასთან და მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება. 1 ივნისიდან, როგორც იცით, დედაქალაქში გაიხსნა ღია კაფეები, თუმცა არის სპეციალური წესები, მაგიდებს შორის აუცილებლად დაცული უნდა იყოს დისტანცია და ეს შეზღუდვები არსებობს, რის გამოც, ისინი იმ რაოდენობის მაგიდებს ვერ განათავსებენ, რამდენსაც აქამდე ახერხებდნენ. ღია კაფეებს, რომლებიც განთავსებულია მუნიციპალურ სივრცეებში, შეზღუდვების მოხსნამდე დროებით მივცემთ შესაძლებლობას, გამოიყენენონ მიმდებარე, დამატებითი მუნიციპალური ფართები და მაგიდები განალაგონ ისე, როგორც არის მოთხოვნა, რომ დაცული იყოს ყველა იმ ადამიანის უსაფრთხოება, ვინც ისარგებლებს რესტორნებით, კაფე-ბარებით. ანუ, დროებით გეძლევათ იმის შესაძლებლობა, რომ მუნიციპალური ფართები გამოიყენოთ, გამოხვიდეთ და ისე განათავსოთ თქვენი მაგიდები, რომ არ მოექცეთ მხოლოდ თქვენივე საკუთრებაში, შეგიძლიათ ისე გაშალოთ, რომ სოციალური დისტანცია და ის მითითებები დაიცვათ, რაც ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლშია გაწერილი. ეს დროებითი ღონისძიებებია მანამ, სანამ ჩვენ ამ ვითარებაში ვართ იმისთვის, რომ დაგეხმაროთ, ხელი შეგიწყოთ. მგონი, ამას საზოგადოება კარგად გაიგებს, რადგან ჩვენ რთულ მდგომარეობაში ვიმყოფებით და ერთმანეთის მხარდაჭერა, ბიზნესის ხელშეწყობა მნიშვნელოვანია, რადგან ბიზნესი არის ის მიმართულება, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს და საკმაოდ დიდი კონტრიბუცია შეამოაქვს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში და ჩვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კალაძემ.