ცქიტიშვილი; საქართველოში ტურიზმი ე.წ. უსაფრთხო დერეფნების მეშვეობით გაიხსნება

1088

ჩვენთვის აუცილებელია ეკონომიკის ყველა სექტორის, მათ შორის ტურიზმის აღდგენა, მაგრამ საჭიროა ტურიზმი აღდგეს ფრთხილად, გონივრულად, თანმიმდევრულად და ისეთი ტემპით, რის საშუალებასაც გვაძლევს ჩვენი ჯანდაცვის სისტემა და რეგულაციები,- ამის შესახებ ვიცეპრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში ტურიზმი ე.წ. უსაფრთხო დერეფნების მეშვეობით გაიხსნება და ტურისტები ორგანიზებულად შემოვლენ იმ ქვეყნებიდან, რომლებიც პანდემიასთან ბრძოლის დადებითი სტატისტიკით გამოირჩევიან.

„ჩვენ ე.წ. უსაფრთხო დერეფნების მეშვეობით გავხსნით ტურიზმს. აქტიური მოლაპარაკებები გვაქვს ისრაელთან, ავსტრიასთან, ბალტიისპირეთის ქვეყნებთან და ასევე იმ ქვეყნებთან, რომლებიც ძალიან წარმატებით გაუძღვნენ ამ ბრძოლას და მათაც დაბალი რაოდენობა ჰყავთ ინფიცირებულების. ჩვენ ვმუშაობთ, რომ ამ ქვეყნებიდან შემოვიყვანოთ ტურისტები. პირველ რიგში, მათი ჩამოსვლა იქნება ორგანიზებული. ჩვენი ტურიზმის ადმინისტრაცია და ჯანდაცვის სამინისტრო დარწმუნდება, რომ სასტუმროებში დაცული იქნება წესები და გარდა ამისა, ტუროპერატორები პასუხისმგებელნი იქნებიან მათ მიერვე შემოყვანილი ტურისტების მოვლაზე,“-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

შიდა ტურიზმის აღდგენაზე საუბრისას ვიცეპრემიერმა აღნიშნა, რომ უცილებელია უსაფრთხოების წესების და არსებული რეგულაციების დაცვა, მათ შორის მნიშვნელოვანია პირბადეების ტარება.

„თავდაპირველად შიდა ტურიზმის გახსნის თარიღად დასახელდა 15 ივნისი, თუმცა უკვე 8 ივნისიდან იქნება შესაძლებელი გაიხსნას ის სასტუმროები, რომლებსაც ყველა სტანდარტი ექნება დაცული. ჩვენ გვაქვს უდიდესი იმედი, რომ პირველ რიგში, სანამ უცხოელებზე ვისაუბრებთ, ქართველ დამსვენებელსაც ექნება სურვილი, დაისვენოს ჩვენს კურორტებზე. გარდა ამისა, ალბათ მოვიდა დრო, რომ ჩვენც გავიცნოთ ჩვენი ქვეყანა და ბევრი ისეთი ადგილი მოვინახულოთ, სადაც გვინდოდა ჩასვლა, მაგრამ არ ვყოფილვართ,“- აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში არ შეყოვნდეს ეკონომიკის იმ სფეროების ეტაპობრივად გახსნა, რომელთა ამოქმედება თანმიმდევრულად არის შესაძლებელი.