ანტიკრიზისული პროგრამის ფარგლებში სოციალური დახმარების პაკეტის გაცნობამ საზოგადოებაში კიდევ ერთხელ გააქტიურა თვითდასაქმების და ზოგადად, არაფორმალური დასაქმების საკითხი, რომლის მოგვარებას სახელმწიფო ეტაპობრივად ცდილობდა. გასულ წელს, თბილისის მერიის მიერ განხორციელებული ტაქსების რეფორმის ფარგლებში, 16 500 ადამიანი გადავიდა არაფორმალურიდან ფორმალურად დასაქმებულთა სექტორში.
„ძალიან მნიშნელოვანია რეფორმა, რომელიც შედგა და განხორციელდა. ჩვენ მჭიდრო ურთიერთობა და კომუნიკაცია გვქონდა ამ სექტორის წარმომადგენლებთან. ბევრ თემას მათთან ერთად გავდიოდით და მათთან ერთად ვიღებდით გადაწყვეტილებებს, თუ როგორი უნდა ყოფილიყო რეფორმა შინაარსობრივად. დღეს გვყავს ა და ბ კატეგორიის ტაქსის ლიცენზირებული მძღოლები, რომლებიც მთავრობის მიერ წარმოდგენილი პროგრამებით ისარგებლებენ“, – აცხადებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე.
თვითდასაქმებას, არაფორმალურ დასაქმებასა და ჩრდილოვან ეკონომიკას მსოფლიოს ყველა ქვეყანაში აქვს ადგილი და მისი წილი გლობალურ ეკონომიკაში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, 35 პროცენტს აღემატება. განვითარებული ქვეყნებიდან შედარებით დაბალია ის აშშ-ში (7.7%), ხოლო მაღალი – იტალიაში (26.5%).