მგზავრებმა აუცილებლად უნდა იქონიონ პირბადეები, პირბადეების გარეშე გადაადგილება შეუძლებელი იქნება, მძღოლი ავტობუსს არ დაძრავს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მუნიციპალური ავტობუსი, მეტრო, მიკროავტობუსები არის სრულ მზადყოფნაში, რომ მოსახლეობას დილიდან მოემსახუროს.
„ახლა მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები. ეს სამუშაოები ყოველდღიურ რეჟიმში იქნება, რადგან ასეა მოთხოვნები. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ მგზავრებმა აუცილებლად უნდა იქონიონ პირბადეები. პირბადეების გარეშე გადაადგილება უბრალოდ შეუძლებელი იქნება. მძღოლი ავტობუსს არ დაძრავს! მინდა ვთხოვო საზოგადოებას მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის, რადგან მგონი, ყველა ვხვდებით, რამდენად მნიშვნელოვანია გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ერთმანეთის ჯანმრთელობას და ხელი შევუწყოთ ამ მძიმე ვითარებაში, როგორც ეს წინა პერიოდში გავაკეთეთ. ის, რომ დღეს საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა კორონავირუსთან ბრძოლაში, ეს რა თქმა უნდა საზოგადოების ძალინ დიდი დამსახურებაა“,- განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, საპატრულო პოლიცია მეტროში პირბადის გარეშე მოქალაქეებს არ შეუშვებს.
დედაქალაქის მერის ინფორმაციით, მიკროავტობუსებში ფეხზე დგომა იკრძალება. ასევე, როგორც კახა კალაძე ამბობს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში არ იმუშავებს კონდიციონერი, რადგან ის ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი საფრთხეა.
„იმედი მაქვს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარების დროსაც ყველა ის მოთხოვნა მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. მიკროავტობუსებში ფეხზე დგომა იკრძალება. ავტობუსებს რაც შეეხება, აქ ერთადერთი მოთხოვნაა პირბადით ასვლა.
დისკომფორტი, რაც შეიძლება იყოს, ეს არის კონდიცირების არ ჩართვა. ფანჯრები იქნება მაქსიმალურად ღია, რომ მოხდეს განიავება, რადგან კონდიცირება ერთ-ერთი საფრთხეა ვირუსის გავრცელების. მეტროშიც, საპატრულო პოლიცია დაგვეხმარება და არ შეუშვებენ მოქალაქეებს პირბადის გარეშე“,- განაცხადა კახა კალაძემ.
დილიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის მეტროც ამუშავდება. კორონავირუსის საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით – მეტროთი და ავტობუსებით გადაადგილება 30 მარტს აიკრძალა, ხოლო მიკროავტობუსების მომსახურება საქართველოს მასშტაბით 18 მარტიდან შეჩერდა.