2021 წლიდან ე.წ. Escrow ანგარიშები დაინერგება, რომელიც უზრუნველყოფს მსესხებლების დაზღვევას მშენებლობის დაუსრულებლობისგან. როგორც დღეს გამართულ პრეზენტაციაზე პრემიერის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, აღნიშნული სისტემა სექტორის გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს.
„წლების განმავლობაში ვერ მოხერხდა ე.წ. Escrow ანგარიშების დანერგვა დეველოპერულ საქმიანობაში და ჩვენ სექტორთან შევთანხმდით, რომ 2021 წლიდან Escrow ანგარიშის გამოყენება იქნება სავალდებულო გარკვეული პირობების გათვალისწინებით. ესაა საბანკო ანგარიში, რომლის გამოყენებითაც მსესხებელი დაზღვეულია იმისგან, რომ მშენებლობა არ დასრულდება. როდესაც ადამიანი დღეს სესხის საშუალებით უძრავ ქონებას ყიდულობს, ის მთლიან თანხას ურიცხავს მშენებელს და შემდეგ სხვადასხვა რისკებიდან გამომდინარე შესაძლოა, ვერ დასრულდეს მშენებლობა. ამ ანგარიშის მიხედვით, მსესხებლის მიერ გადახდილი თანხები გროვდება ამ ანგარიშზე და მშენებელს მხოლოდ სამშენებლო პროცესის პარალელურად ან დასრულების შემდეგ შეუძლია ამ ანგარიშის გამოყენება. ეს არის სისტემური ნაბიჯი, რომელიც გამოყენებულია მრავალ ევროპულ განვითარებულ ქვეყანაში და არის იმისი წინაპირობა, რომ შევქმნით სტანდარტს, რომელიც გააჯანსაღებს სექტორს. ეს ყველა დეველოპერული კომპანიისთვის სავალდებულო არ იქნება და გარკვეულ კატეგორიას შეეხება და გაყიდვების გარკვეულ მოცულობას,”-აღნიშნა პრემიერის მრჩეველმა.