ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ ქვეყნის შენება გაგრძელდეს. შენება არ უნდა შეჩერდეს არც ერთი წამით, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მშენებლებთან და დეველოპერებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ვირუსის კონტროლის თვალსაზრისით ქვეყნის წარამტებები საერთოდ დაკარგავს ყველანაირ ფასს და აზრს თუ ეკონომიკა არ გაიხსნა.
“ყველას უნდა გვესმოდეს, დღეს ჩვენ რომ ვაკონტროლებთ ვირუსის გავრცელების სისწრაფეს და გეოგრაფიას ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვირუსი დავამარცხეთ, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვირუსს ვაკონტროლებთ და კონტროლის ხარისხი პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, ჩვენ როგორ ვიქცევით, როგორ ვასრულებთ ჯანდაცვის სპეციალისტების რეკომენდაციებს და როგორ ვუფრთხილდებით ერთმანეთს. მაგრამ მასთან ერად ყველას კარგად გვესმის, რომ ეპიდემიოლოგიურად ჩვენი წარმატებები ვირუსის კონტროლის თვალსაზრისით საერთოდ დაკარგავს ყველანაირ ფასს და აზრს, თუ ეკონომიკა ეტაპობრივად ნელ-ნელა არ გავხსენით. ეს იმდენად ურთიერთდაკავშირებული საკითხებია, რომ ყველანაირი გამარჯვება ვირუსთან ბრძოლაში გლობალურად იქნება უაზრო და უშედეგო, თუ ჩვენ ჯანდაცვის სფეროში წარმატებებთან პარალელურად არ აღვადგინეთ ჩვენი ეკონომიკა მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად. სწორედ ამიტომ ვართ აქ შეკრებილები. პირველი ანტიკრიზისული გეგმა არის მიმართული ტურიზმის სექტორის მხარდასაჭერად. მეორე არის მიმართული სოფლის მეურნეობის მიმართულებით და ეს იყო ზრუნვა ფერმერზე, გლეხსა და სოფელზე, მესამე იყო განათლება და დღეს ჩვენ ვსაუბრობთ მეოთხე გეგმაზე, რომელიც ეხება მშენებლობას და დეველოპმენტს,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისივე თქმით, მშენებლობა კრიზისამდე და პანდემიამდე შეადგენდა ქვეყნის შიდა პროდუქტის 9 %-ს.
“ეს იყო ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორი და გარდა იმისა, რომ ამ სექტორში სრულად 120 ათასი ადამიანია დასაქმებული პირდაპირ, ირიბადაც ამდენივეა დასაქმებული კიდევ. მასზეა დამოკიდებული სამშენებლო მასალები, ავეჯი, სარემონტო სამუშაოები, ტექნიკებით ვაჭრობა და აღჭურვა. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს მხოლოდ სამშენებლო და დეველოპერი კომპანიების დახმარებას, ეს ნიშნავს ჩვენი მოქალაქეების დახმარებას. 2008 წელს სამშენებლო კომპანიების გარდა ჩვენი მოქალაქეებიც იყვნენ ასე მიგდებულები, რომლებსაც იმედი ჰქონდათ, რომ ბინას იშენებდნენ და საცხოვრებელ პირობებს გაუმჯობესებდნენ და ეს იყო ათასობით ადამიანი. ჩვენ წლების განმავლობაში ვცდილობდით ამ პრობლემის მოგვარებას. შენება უნდა გაგრძელდეს და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მშენებლობა გაგრძელდეს და ამ ქვეყნის შენება გაგრძელდეს. შენება არ უნდა შეჩერდეს არცერთი წამით. არცერთი სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტები მიუხედავად პანდემიისა არ გაჩერეულა. ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა იმ ადამიანებთან, რომლებმაც გამოიღეს 2008 წლის უმძიმესი კრიზისი და დღემდე ებრძვიან რეალობას, რომ მიიღონ ის, რაც ეკუთვნით,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.