თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ინფორმაცია თითქოს დიღმის ჭალების ტერიტორია ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილს ეკუთვნის, სიმართლეს არ შეესაბამება. მისივე თქმით, პროექტი დროებით შეჩერებულია, თუმცა, აუცილებლად განხორციელდება.
„ეს არის ტყუილი, არსებული რეალობიდან გამომდინარე ეს პროექტი დროებით გაჩერებულია, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ განხორციელდება. არ მესმის ჩვენი ოპონენტების ლოგიკა, რამდენიმე დღის წინ პრეტენზია ჰქონდათ, რატომ ყიდულობს დედაქალაქის მუნიციპალიტეტი ატრაქციონებს სკვერებისა და პარკებისთვის, ახლა გამოდიან ინიციატივით, რატომ არ ხდება ამ პარკის მშენებლობა.
ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რა გვინდა და მივყვებით ეტაპობრივად პროექტების განხორციელებას, ეს პროექტი აუცილებლად განხორციელდება, უბრალოდ პრიორიტეტები არის გადანაწილებული სხვა მიმართულებით. დიღმის ჭალების პროექტი გამზადებულია, დარჩენილია ტენდერის გამოცხადება. დავადგენთ ვინ იქნება შემსრულებელი და შესაძლებელი იქნება მისი განხორციელება, სამუშაოები ჯერ არ არის დაწყებული,“ – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა “ანას ბაღზეც” ისაუბრა. მისი განცხადებით, “ანას ბაღი” მშენებლობის დასრულების შემდეგ ერთ-ერთი საუკეთესო რეკრეაციული სივრცე იქნება.
„ანას ბაღს არანაირი პრობლემა არ გააჩნია, მოხდება მისი სრული რეაბილიტაცია, დაემატება ტერიტორია და იქნება ერთ-ერთი საუკეთესო რეკრეაციული სივრცე, ყველანაირად განახლებული და მოწესრიგებული, სადაც ყველას ექნება შესაძლებლობა ისარგებლოს ამ კონკრეტული პროექტით,“ – აღნიშნა კახა კალაძემ.