თბილისის N47 ბაგა-ბაღის დემონტაჟი დაიწყო

786

თბილისის N47 ბაგა-ბაღის დემონტაჟი დაიწყო. თბილისის მერიის ინფორმაციით, ავარიული შენობის დემონტაჟის პროცესს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე გაეცნო. ბაგა-ბაღი აღნიშნულ შენობაში ამ დრომდე ფუნქციონირებდა, ახალი სააღმზრდელო წლიდან კი მისი კონტინგენტი ახლომდებარე ბაღებში გადანაწილდება.

„N47 ბაგა-ბაღის შენობა უმძიმეს მდგომარეობაში იყო, რის გამოც, მისი დემონტაჟი დავიწყეთ. მნიშვნელოვანია, რომ ბაღების სააგენტოს უკვე მომზადებული აქვს პროექტი, რომლის განხორციელებასაც მომავალ წელს დავიწყებთ და ჩვენს პატარებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ბაგა-ბაღს ავუშენებთ“, – განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული პროექტი თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოსთან ერთად ხორციელდება, რომელმაც დემონტაჟის მსურველი კომპანია აუქციონის გზით გამოავლინა.

„კომპანიას ტერიტორიის გასუფთავებისთვის სამთვიანი ვადა აქვს. თბილისის N47 ბაგა-ბაღში კახაბერ გვანცელაძესთან ერთად, ისნის რაიონის გამგებელი, კახა ლაბუჩიძე და მაჟორიტარი დეპუტატები, ირაკლი აბუსერიძე და ლევან დავითაშვილი იმყოფებოდნენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.