სამგორის რაიონში მცხოვრებ 27 ოჯახს ბინის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი გადაეცემა

510

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, დღეს სამგორის რაიონში მცხოვრებ 27 ოჯახს ბინის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი გადაეცემა. მისივე განმარტებით, მერიის მიერ განხორციელებული პროექტის მეშვეობით, უკვე 900-მდე ოჯახმა შეძლო სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად, იმ ბინების დაკანონება, რომლებშიც წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო მათ გაფორმებას ვერ ახერხებდნენ.

„უამრავი ადამიანი მოგვმართავდა წერილობით, ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის დროს. ძალიან ბევრი ოჯახი გვხვდებოდა, ვინც წლების განმავლობაში ცხოვრობდა საკუთარ საცხოვრებელში და გარკვეული მიზეზების გამო ვერ ახერხებდა ამ ფართების დაკანონებას. ჩვენ წამოვიწყეთ საკმაოდ კარგი პროგრამა და პროექტი, რომლითაც დაახლოებით 900-მდე ოჯახმა უკვე ისარგებლა და მოვახერხეთ ამ ოჯახებისთვის სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად, გადაგვეცა ის საცხოვრებელი ფართები, სადაც ისინი წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, შეიძლება ითქვას ათეული წლების განმავლობაში. დღეს 27 ოჯახს გადაეცემა საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი, ეს არის სამგორის რაიონში მცხოვრები ოჯახები და მინდა მართალაც მივულოცო ამ ოჯახებს. ძალიან ბევრი წერილი შემოდის ამ მიმართულებით. ჩვენ ყველას ვამუშავებთ, ყველას დავეხმარებით და გვერდში დავუდგებით, მთავარია მოწესრიგებული იყოს საბუთები. ინფორმაციის მისაღბეად შეგიძლიათ, მიმართოთ თქვენივე რაიონში, თქვენსავე გამგეობას და ყველანაირად დაგეხმარებიან იმასთან დაკავშირებით თუ რა დოკუმენტაცია და რა საბუთები არის შესაგროვებელი იმისთვის, რომ მოხდეს შემდეგ თქვენი საცხოვრებელი ბინების დაკანონება და გადმოცემა სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად. ეს არის ძალიან კეთილი საქმე, კარგი პროექტი და ჩვენ ვაპირებთ მომავალშიც ამის გაგრძელებას,“- განაცხადა კახა კალაძემ.