თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. როგორც მან დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, პარკში მედიათეკის ახალი ფილიალის განთავსება იგეგმება.
კალაძის განმარტებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდგომ, მედიათეკის შენობაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საკითხველო დარბაზი, კომპიუტერული სივრცე და მულტიმედიური ოთახები განთავსდება.
„არ უნდა დაგვავიწყდეს არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა, რაც ყველას გვაღელვებს. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი, რომ ჩვენ მოვახერხოთ არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, შევინარჩუნოთ ჩვენი პარკები, სკვერები, რომელიც გაგვაჩნია და შევქმნათ ახალი საქალაქო მნიშვნელობის პარკები. ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ, მიუხედავად პანდემიისა და ამ პრობლემებისა, არ გავჩერებულვართ და სამუშაოები გრძელდება.
მინდა, ერთ კონკრეტულ პროექტზე გესაუბროთ ქალაქის ცენტრში- ეს არის „მზიურის“ პარკი. სამუშაოები დიდი ხანია მიმდინარეობს. მინდა, მადლობა გადავუხადო ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მუნიციპალური განვითარების ფონდს და მერიის ყველა სამსახურს, ვინც ჩართულია ამ პროექტის განხორციელებაში. ფაქტობრივად, ეს სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. მართლაც ულამაზესი სივრცე გამოდის ქალაქის ცენტრში. გახსოვთ ყველას, რომ 13 ივნისის სტიქიის შემდეგ, რომელიც დედაქალაქს თავს დაატყდა, რამდენად მძიმე მდგომარეობა იყო ამ კონკრეტულ მონაკვეთზე, ყველაფერი გაუბედურებული იყო და ძალიან მალე ქალაქს „მზიურის“ განახლებული პარკი გვექნება, რომელიც მართლაც ულამაზესია. დარწმუნებული ვარ, ის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი და დასასვენებელი სივრცე იქნება თბილისელებისთვის და არა მხოლოდ თბილისელებისთვის“, – განაცხადა კალაძემ.