თბილისის მერს ახალი მოადგილე ჰყავს, ამ თანამდებობაზე ანდრია ბასიალაია დანიშნა

931
ფოტო: სპუტნიკი

თბილისის მერს ახალი მოადგილე ჰყავს. ამ თანამდებობაზე ანდრია ბასიალაია დანიშნა. კახა კალაძემ ახალი მოადგილე მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა.

“მინდა, წარმოგიდგინოთ ჩვენი მოადგილის ახალი კანდიდატურა ანდრია ბასილაია, რომელიც 2017 წლიდან არის ჩვენი გუნდის წევრი. ანდრია სხვადასხვა მნიშვნელოვან თანამდებობებზე იყო დღემდე. ის პროფესიით არის ეკონომისტ-პოლიტოლოგი. დამთავრებული აქვს ნიუ-იორკის წმინდა ლაურენსის უნივერსიტეტი, მანამდე კი ვესტთაუნის სკოლა ამერიკის შეერთებულ შტატებში. მინდა ანდრიას წარმატებები ვუსურვო, მე დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ ერთიანი ძალისმევით ბევრ მნიშვნელოვან და საკეთილდღეო პროექტს განვახორციელებთ და ბევრ საინტერესო პლატფორმებს შევთავაზებთ კულტურის, ხელოვნების და სპორტის წარმომადენლებს”, – განაცხადა თბილისის მერმა.

ცნობისთვის, ანდრია ბასიალაია რამდენიმე დღის წინ ურბანული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელად წარადგინეს, მანამდე კი, 2 წლის განმავლობაში ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი იყო. მან თბილისის მერის მოადგილის პოსტზე სოფიო ხუნწარია ჩაანაცვლა.

ანდრია ბასილაია 2017 წლიდან თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების, ბოლო პერიოდში კი ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურს ხელმძღვანელობდა. ის 2002 წლიდან დღემდე, სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა. მათ შორის, 2004-2006 წლებში საქართველოს ეროვნული ბანკში უფროსი ეკონომისტი იყო; 2006-2008 წლებში შპს „მულტიპლექს სოლუშენის“ ფინანსური/გენერალური დირექტორის პოსტს იკავებდა; 2008-2010 წლებში შპს „გეოინკორის“ ფინანსურ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, 2010-2011 წლებში კი, შპს „ბრავო რექორდსის“ გენერალური დირექტორი იყო. ანდრია ბასილაია 2002 წლიდან ასევე, სხვადასხვა საერთაშორისო საზოგადოების წევრია.

შეგახსენებთ, რომ მერის მოადგილის პოსტი ვაკანტური მერიიდან სოფიო ხუნწარიას წასვლის შემდეგ გახდა.