მდინარე ქსანზე ახალი ხიდის მშენებლობა ზაფხულში დასრულდება

475

საქართველოს ვიცეპრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის იგოეთი-თბილისის მონაკვეთზე, მდინარე ქსანზე, ახალი სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.

რეგიონული განვითაებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით. ვიცეპრემიერის თქმით, გარდა იმისა, რომ ეს პროექტი სისტემური ინფრასტრუქტურის ნაწილია, იგი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, კონტრაქტორთან შეთანხმებით, სამუშაო არ გაჩერებულა და სწორედ ამიტომ, ხიდის მშენებლობა დაგეგმილზე ადრე, ზაფხულში დასრულდება.

„გარდა ამისა, ჩვენთვის ასეთი ტიპის და ყველა სხვა პროექტი ნიშვნელოვანია მოქალაქეების დასაქმების მიმართულებით, განსაკუთრებით კი რეგიონებში, სადაც სამუშაო პროცესი, აუცილებელი გამონაკლისების გარდა, არ გაჩერებულა,“-აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არსებული ხიდი, რომელიც პატარა ხანდასა და მუხრანთან ახლოს მდინარე ქსანზე მდებარეობდა, ავარიული იყო და სასწრაფოდ საჭიროებდა დემონტაჟს. პროექტის შესაბამისად, შენდება ახალი რკინა-ბეტონის 6 მალიანი ხიდი, რომლის მთლიანი სიგრძე 195 მეტრი, ხოლო სიგანე 14 მეტრია, ამჟამად მალის ნაშენზე რეკინა-ბეტონის ფილის მოწყობის სამუშაო მიმდინარეობს. ხიდი საერთაშორისო ავტომაგისტრალის ნაწილი იქნება და ორივე მიმართულებით ავტოტრანსპორტის ცალმხრივ, უსაფრთხო მოძრაობას უზრუნველყოფს.

„მას შემდეგ, რაც სამშენებლო აქტივობა შესაძლებელი გახდა ყველა კომპანიისთვის, ჩვენი, პრაქტიკულად, ყველა პროექტი სრული დატვირთვით მიმდინარეობს. 800-ზე მეტი პროექტია ამ ეტაპზე რეგიონებში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავუბრუნდეთ ისეთ დინამიკას, როგორიც გვქონდა ეპიდემიამდე და სწრაფად დავამთავროთ პროექტები, რომლებიც მოუტანს ადამიანებს შემოსავალს და კეთილდღეობას,“ – განაცხადა მინისტრმა.

უწყების ინფორმაციით, ყველა პროექტი, ახალი კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს და ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება.