ნუცუბიძის IV მიკრორაიონის N22 კორპუსთან დასასვენებელი სივრცის და სპორტული მოედნის მოწყობა მიმდინარეობს

663

ნუცუბიძის IV მიკრორაიონის N22 კორპუსის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცის და კომბინირებული სპორტული მოედნის მოწყობა მიმდინარეობს.

თბილისის მერიის ცნობით, სტადიონზე ეწყობა ახალი საფარი, ღობეები, დამონტაჟდება კარები და ფარები. დასასვენებელ სივრცეში კი, განთავსდება საბავშვო-გასართობი მოედანი სხვადასხვა ატრაქციონი. ასევე, დამონტაჟდება სხვა შესაბამისი ურბანული ავეჯი, მოეწყობა განათების ქსელი და დაირგვება მცენარეები.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე გაეცნო.

„ვაკის რაიონში აქტიურ რეჟიმში გრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტების წარმოება, მათ შორის სპორტული მოედნების და სკვერების განახლება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ყველა დასასვენებელ და სპორტულ სივრცეში განთავსდება ახალი ინფრასტრუქტურა, სკვერები განათდება და გამწვანდება, რაც ზაფხულში კომფორტულ პირობებს შექმნის ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის“, – განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ.

დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება დაახლოებით, 100 000 ლარს, ხოლო სპორტული მოედნის მოწყობის პროექტი, დაახლოებით 45 000 ლარს შეადგენს. სულ, ამ ეტაპზე, ვაკის რაიონში ექვსი სპორტული მოედნის და ექვსი დასასვენებელი სივრცის განახლება მიმდინარეობს.