კორუმპირებულები, მაიმუნები და “მეტრუპეები” თქვენკენ მოიკითხეთ… “სიმართლის მუშტი” მოგხვდებათ ცხვირ-პირში — კალაძის პასუხი ოპოზიციას მეტროს რეაბილიტაციაზე

1158

კორუმპირებულები, თაღლითები, მაიმუნები და „მეტრუპეები“ სად უნდა მოიკითხოთ, ჩემზე უკეთესად იცით, – ასე პასუხობს თბილისის მერი, კახა კალაძე გავრცელებულ ინფორმაციას, თბილისში მეტროსადგურების სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც თითქოს, სამუშაოებს ის კომპანიები ახორციელებენ, რომლებსაც მაღალი ძაბვის კაბელებზე მუშაობის გამოცდილება არ აქვთ.

როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, ტენდერში გამარჯვებული თურქული კომპანიაა და სამუშაოების შესრულებაზე სწორედ ის არის პასუხისმგებელი.

„კორუმპირებულები, თაღლითები, მაიმუნები და „მეტრუპეები“ სად უნდა მოიკითხოთ, იცით ჩემზე უკეთესად. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ტენდერს, როგორც ჭავაჭავაძის გამზირთან დაკავშირებით მოგხვდათ სიმართლის მუშტი ცხვირ-პირში, იგივე მოგხვდებათ ახლაც, იმიტომ რომ, ეს კონკრეტული ტენდერი გამოცხადებული იყო მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხრიდან. ეს არის აზიის განვითარების პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტი. ტენდერში გამარჯვებული კომპანია თურქულია და ახორციელებს სამუშაოებს და აქვს ვალდებულებები ჩვენთან რომ ეს სამუშაოები ხარისხიანად შესრულდეს. სამუშაოები 2020 წლის ზაფხულში დამთავრდება“, – განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, ნაციონალური მოძრაობის წევრი, ლევან ხაბეიშვილი მთავარ არხთან ამბობს, რომ თბილისში მეტროსადგურების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ის კომპანიები ახორციელებენ, რომლებსაც მაღალი ძაბვის კაბელებზე მუშაობის გამოცდილება არ აქვთ.

მისივე ცნობით, მაღალი ძაბვის კაბელებთან მუშაობენ ყოფილი ფეხბურთელები, მაგალითად, გიორგი ნემსაძე, ან ტარიელ ხეჩიკაშვილი და მასთან დაკავშირებული კომპანიები.

“ოთხი კომპანიიდან ორს საერთოდ არანაირი გამოცდილება არ აქვს, მეტიც, ერთი 2020 წლის თებერვალშია დაფუძნელებელი და მაისში უკვე მეტროში ჩაუშვეს. ეს ხალხი დირექტორიანად არც კი იგუგლება, რომ ნათურა მაინც აქვს შეცვლილი. რომელიც იგუგლება, ამ კომპანიის დირექტორი არის გიორგი ნემსაძის და ტარიელ ხეჩიკაშვილის ბიზნესპარტნიორი და “იბერია ავტოს” დირექტორიც”, — აცხადებს ხაბეიშვილი.