ნაძალადევის რაიონში, გუდამაყრის ქუჩაზე, სანზონის N18 კორპუსის მიმდებარედ ახალი სკვერის მოწყობა გრძელდება.
თბილისის მერიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოები 1 081 კვ.მ ფართობზე სრულდება.
მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, მოეწყო სარწყავი სისტემა და ბალახის საფარი. ამ ეტაპზე, სკვერის ფილებითა და ბორდიურით მოპირკეთება მიმდინარეობს.
მოეწყობა გარე განათების ქსელი, დამცავი მოაჯირი და საპარკე ინფრასტრუქტურა, კაუჩუკისსაფარიან მოედანზე კი საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ალექსანდრე ხუჯაძესთან ერთად დაათვალიერა.
„ამ ადგილას გამწვანებული ტერიტორია იყო, თუმცა არ არსებობდა ინფრასტრუქტურა, დასასვენებელი სივრცე, რომ მოსახლეობას ესარგებლა. პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივ მცხოვრებლებს ახალი, კეთილმოწყობილი სკვერი ექნებათ. აქ სავარჯიშო ტრენაჟორები გასულ წელს დავამონტაჟეთ. ახლა უკვე სკვერში საბავშვო გასართობი ზონა მოეწყობა“, – აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.
გუდამაყრის ქუჩაზე სკვერის კეთილმოწყობისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 115 915 ლარი გამოყო.