თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის ურბანულ განვითარებასა და მშენებლობებზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, მშენებლობები უნდა განხორციელდეს, თუმცა ყველაფერი სწორად და ხარისხიანად უნდა წარიმართოს.
„ქალაქის ურბანული განვითარება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ორი წლის წინ, როდესაც მოვედით მერიაში, ხალხმა მოგვცა უფლება-მოსილება, დავიწყეთ მუშაობა ამ მიმართულებით და მთელი რიგი ცვლილებები განხორციელდა. ჩვენ, რა თქმა უნდა, მშენებლობებს არ ვეწინააღმდეგებით, მშენებლობა უნდა განხორციელდეს, ქალაქი უნდა განვითარდეს, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს სწორად, უნდა გაკეთდეს ხარისხიანად, რათა არ მივიღოთ ისეთი კონკრეტული უბნები, მაგალითად, როგორიცაა – სპორტის სასახლის უკან არსებული ტერიტორია, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ზოგადად ქალაქისთვის და პრობლემას წარმოდგენს ასევე იქ მცხოვრები ადამიანებისთვის. ამიტომ მთელი რიგი ცვლილებები განხორციელდა ამ მიმართულებით. მაგალითად, ჩვენ შემოვიღეთ, რომ განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების პროცესში აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული გამწვანების კომპონენტი, ასევე ყველა პროექტის დროს აუცილებელია გამწვანების კომპონენტის შემოტანა, წარმოდგენა დენდროლოგიური პროექტის და შემდგომ მისი განხორციელება, რომ რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცე შეიქმნას დედაქალაქში. მიხარია შედეგი, რომელიც არის წარმოდგენილი დღეს გამწვანების მიმართულებით, იგივე გზაგამყოფებზე და ყველგან, სადაც ვნახულობთ ადგილსა და შესაძლებლობას, რომ გავალამაზოთ და გავამწვანოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, ერთი მხრივ, ეს მნიშვნელოვანია ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორების თვალსაზრისით, მეორე მხრივ კი, მწვანე სივრცეები ქალაქს ალამაზებს და ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება.
როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს დაავალა ცვლილებების მომზადება და უკვე მომზადებულია საკანონმდებლო პაკეტი, რათა მშენებლებსა და დეველოპერებს ამ მიმართულებით მუშაობა გაუმარტივდეთ.
„რამდენიმე ხნის წინ, ირაკლი ხმალაძეს დავავალე, რომ ამ ბევრი გამარტივებული საკითხი შემოგვეღო, რადგან დღეს გვაქვს რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობა და ის წესები და კანონები, რაც არის ურბანული მიმართულებით, გარკვეულწილად სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა და წინააღმდეგობაში მოდიოდა ბევრ რამესთან. დავალება იყო გაცემული, გაგვემარტივებინა ეს მიმართულება, რომ სამშენებლო სექტორში ჩართულ ადამიანებს, დეველოპერებს დროულად მომხდარიყო მათი პროექტების დამტკიცება. განაშენიანების გეგმა ბევრი კომპონენტისგან შედგება. არის საკითხი, რომელიც შეიძლება, არ იყოს აუცილებელი და მათი განხორციელება სხვანაირად იყოს შესაძლებელი. მე ვიცი, რომ საკანონმდებლო პაკეტი მთელი რიგი ცვლილებებისა მომზადებულია, რათა გავუმარტივოთ მშენებლებსა და დეველოპერებს ამ მიმართულებით მუშაობა, მით უმეტეს, ამ რთულ ვითარებაში“, – განაცხადა კახა კალაძემ და აღნიშნა, რომ სამშენებლო სექტორი ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, ასევე ადამიანების დასაქმების კუთხით.
ამასთან, როგორც სხდომაზე ირაკლი ხმალაძემ აღნიშნა, ახლა ამ მიმართულებით სამართლებრივი აქტები მზადდება და დეველოპერებს უახლოეს მომავალში წარედგინებათ ინფორმაცია, რა ნაბიჯებს გადადგამს მუნიციპალიტეტი, რათა ქალაქგეგმარებითი დოკუმენტის მომზადების პროცესში გარკვეული სიმარტივე გაჩნდეს.