ავტორი: ანა მარგველაშვილი – სათემო განვითარების ცენტრი
ის იყო პორტალთან „თვითმმართველობის დროა“ ერთად, დიდი ხნის დაგეგმილი რუბრიკის – „სოფელ-სოფელ“ დაწყება დავაპირეთ, რომ ქვეყანაში ახალი კრონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა და მალე სამყარო გლობალურმა პანდემიამ მოიცვა. ჩვენს სოფლებში მიმდინარე საზოგადოებრივ-კულტურული პროცესებისთვის აღარავის ეცალა. ჩვენთვის ჯერ მაინც უცნობია, როდის ჩაივლის საბოლოოდ ეპიდემია და როდის შევძლებთ, დავუბრუნდეთ ჩვეულ ყოველდღიურობას; გადავწყვიტეთ, ნელ-ნელა ავეწყოთ ახალ რეალობას და როგორმე ამ რეალობაში საქმის კეთებაც ვისწავლოთ.
ამიტომ, დაგეგმილი რუბრიკა „სოფელ-სოფელ“ ისევ წამოვიწყეთ. ამ რუბრიკაში საქართველოს სოფლებზე, იქ მოქმედ საინტერესო ორგანიზაციებზე, ჯგუფებზე, ადამიანებზე და მათ ინიციატივებზე, ტრადიციებზე და სხვა საინტერესო ამბებზე გვინდა გიამბოთ.
და რადგანაც ახლა სოფელ-სოფელ სიარულის პროცესი ჯერ კიდევ შეჩერებულია, გადავწყვიტეთ, ჯერ ჩვენს არქივში (2019-2020 წლების ჩანაწერები) დაცული მასალის დამუშავება და გამოქვეყნება დავიწყოთ. იმედი გვაქვს, რომ მიუხედავად მძიმე დროებისა, მაინც გამოჩნდებიან დაინტერესებული მკითხველები.
სოფელ-სოფელ – არბოში
სოფელი არბო კონფლიქტის ზონაშია, ახლოს საოკუპაციო ხაზთან. გასულ წელს გორის მუნიციპალიტეტმა აქ ნიკო ლომოურის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია დაიწყო. ის, რომ ამ ნაომარ მხარეში, სადაც სიცარიელე, გამოკეტილი სახლების რაოდენობა და დიდწილად – გაჭირვებაც განსაკუთრებით ჭრის თვალს, მაინც მსგავსი რამ კეთდება, უკვე ძალიან სასიხარულო ამბავი მგონია. უფრო კი ის მიხარია, რომ სახლ-მუზეუმის კონცეფციის შემუშავებაში მუნიციპალიტეტმა საქართველოს მწერალთა სახლის დირექტორი და ნიკო ლომოურის შთამომავალი, ნატა ლომოურიც ჩართო და ერთი სოფლის დონეზე მოქმედი პატარა სახლ-მუზეუმის ამუშავების საკითხს თავიდანვე უფრო კომპლექსურად მიუდგა. სწორედ „მწერალთა სახლის“ გამოცდილების გაზიარებით, მუზეუმი კულტურისა და არაფორმალური განათლების მრავალფეროვან სათემო სივრცედ არის მოაზრებული; მუზეუმის ფუნქციის ფართოდ დანახვისა და სათემო ინტერესის გათვალისწინებით, შენობის რეაბილიტაციის პროცესში თავიდანვე მოხდა სივრცეების ისე დაგეგმვა, რომ ცენტრის მუშაობას სამომავლოდ ხელი მინიმალურად შეეშალოს.
გარდა საექსპოზიციო სივრცისა, აქ გათვალისწინებულია ფართი ფილმების ჩვენებებისთვის, ასევე, მწერლებისა და ხელოვანების მისაღები სამუშაო და საცხოვრებელი ოთახი (რეზიდენცია), სადაც მათ რამდენიმეკვირიანი შემოქმედებითი სტუმრობის საშუალება ექნებათ; ეზოც მზად არის, უმასპინძლოს ღია ფესტივალებს და ღონისძიებებს.
არბოში „მწერალთა სახლიც“ შეძლებს პროგრამებისა და ლიტერატურული ღონისძიებების ჩატარებას და ამით კულტურულ-საგანმანათებლო სერვისების დეცენტრალიზაციაშიც შეიტანს თავის წვლილს. ასევე, სხვა უამრავი მცირე თუ დიდი ღონისძიების გამართვის საშუალებაც გაჩნდება სხვადასხვა დაინტერესებული პირისა და ორგანზიაციისათვის.
წარმოიდგინეთ პატარა და კოხტა მუზეუმი სოფლის ცენტრში, მოვლილი და სუფთა ეზოთი: შეხვედრების გამართვაც შეიძლება, დისკუსიებისაც, წიგნის წარდგენისა და ფილმის ჩვენებისაც.
არბოსა და მეზობელ სოფლებს (მაგალითად, მომიჯნავე მერეთს), გარდა ნიკო ლომოურისა, სხვა მნიშვნელოვანი სახელებიც უკავშირდება: დიმიტრი ყიფიანი, ისაია ფურცელაძე, ანტონ ფურცელაძე, ნიკო კეცხოველი და სხვა მარავალი მოღვაწე და განმანათლებელი სწორედ აქედან იყო. შესაბამისად, ამ პატარა სივრცეში უამრავი საინტერესო ამბისა და ისტორიის გაცოცხლება და მოყოლა იქნება შესაძლებელი – ცხადია, მონდომების შემთხვევაში.
საოკუპაციო ზოლის მახლობლად ასეთ წამოწყებებს განსაკუთრებით ვგულშემატკივრობ; ახლა არბოდანაც, ნიკო ლომოურის სახლ-მუზეუმიდან, ბევრ საინტერესო და სასიხარულო ამბავს დაველოდები. მუნიციპალური კულტურის დაწესებულებებისა და, მათ შორის, სახლ-მუზეუმების სათემო ცენტრების შინაარსით შევსება ჩვენი რეალობისთვის, ვფიქრობ, ძალიან საინტერესო მოდელია. ამ სოფელში მრავალმხრივი და მრავალფეროვანი მუშაობა, დარწმუნებული ვარ, მარტო არბოს კი არა, მთლიანად ამ მხარეს გამოაცოცხლებს.
მუზეუმის რემონტი დასრულდა, თუმცა, სამუშაოს ბოლომდე მიყვანას და მუზეუმის გახსნას ახალი კორონავირუსის გავრცელებამ შეუშალა ხელი. როცა ცხოვრება ისევ ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება, მუზეუმიც გაიხსნება და მერე, ყველას გირჩევთ, ჩახვიდეთ არბოში, პატარა ლიახვის ხეობის ეს ლამაზი სოფლები და სახლ-მუზეუმი მოინახულოთ. ეგებ ჩვენი ინტერესითა და მხარდაჭერით იქაურობა კიდევ უფრო გამოცოცხლდეს? მჯერა, რომ ასეთი „პატარა“ ამბები ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია და ადგილზე ადამიანებს ყოველდღიურობას ცოტათი მაინც შეუმსუბუქებს.
სოფელ-სოფელ ჩემს მოგზაურობას, სოფლად მოქმედი სათემო ჯგუფების და ინიციატივების გაცნობასა და კვლევას საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი და ღია საზოგადოების ფონდი უზრუნველყოფენ. მადლობა მათ საქმეში მხარდაჭერისთვის და იმისთვის, რომ საკუთარი ქვეყნის უკეთ გაცნობის საშუალებას მაძლევენ. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ჩვენი მოგზაურობა COVID-19-ის გამო შეჩერებულია, მაინც ვიტოვებ იმედს, რომ მალე ისევ იქნება შესაძლებელი საქართველოს შემოვლა, თუნდაც სოციალური დისტანციის დაცვითა და პირბადით.
რუბრიკა “სოფელ-სოფელ” მხარდაჭერილია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრისა და ღია საზოგადოების ფონდის მიერ.